შემთხვევითი განზრახვა თუ შემდგარი კრიმინალი. დანაშაული სიგიჟის ზღვარზე1563 2012.10.18
შემთხვევითი განზრახვა თუ შემდგარი კრიმინალი. დანაშაული სიგიჟის ზღვარზე
არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ცნობა, რომლის მსგავსსაც სამწუხაროდ ხშირად ვისმენთ. ამერიკის შტატის, ალაბამას ერთ–ერთი პატარა ქალაქის, რაგლანდის მცხოვრებმა 14 წლის მოზარდმა მოკლა საკუთარი ნახევარდა, 9 წლის კეტლინ არნოლდი. ბავშვები ერთად იზრდებოდნენ დედობილ–მამობილთან. სწორედ დედობილმა იპოვა გარდაცვლილი, მას შემდეგ რაც ბავშვს სახლში მისვლა დააგვიანდა. იგი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, ხეზე ჩამოხრჩობილი. ამ მართლაც რომ შემაძრწუნებელმა მოვლენამ არა მარტო ამერიკა ჩააგდო შოკში. დამნაშავე დააკავეს და ბრალი წაუყენეს. გამოძიება გამორიცხავს ყველანაირ შემთხვევითობას. მკვლელობა ჩადენილია წინასწარი განზრახვით. ბრალდებულის სახელს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე არ აცხადებენ. ნიუ იორკში, ბრუკლინის ერთ–ერთ საკალათბურთო მოედანზე, თინეიჯერების ჯგუფმა თავდაპირველად სცემა და შემდეგ ზურგში დანა ჩაარტყა 15 წლის ბიჭს. თვითმხილველი გოგონა აღწერს თუ რა სასტიკად გაუსწორდნენ მსხვერპლს. იარაღი, სამზარეულოს სისხლიანი დანა ნაპოვნიამოედნის მახლობლად. დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. ბავშვთა დანაშაული, ეს ის თემაა რომელიც ყოველთვის ყველაზე დიდი შეძრწუნებასა და ვნებათაღელვას იწვევს. ეს არის პრობლემა, რომლის მიზეზიცა და შედეგიც – რეაქცია რომელიც ამ ყველაფერზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს – საკამათოა. ფაქტი ის არის, რომ ხდება რაღაც, რაც ბავშვებში, მოზარდებში იმდენად სერიოზულ ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს, რომ მათი გონება ვერ უძლებს ამგვარ ზეწოლას და უმძიმეს შედეგამდე მივდივართ. ამბობბენ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, ბავშვთა ამგვარი აგრესიის ყველაზე დიდი მიზეზი სიღარიბეა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. ამ მიზეზის შემდეგ მოდის ოჯახში შექმნილი მძიმე ვითარება და სიტუაცია და რაღა თქმა უნდა გარე გარემო, ბავშვის უშუალო გარემოცვა, რომლის უდიდეს ზეგავლენასაც განიცდის მოზარდი. ქურდობა, ძარცვა, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – ეს ბავშვთა დანაშაულია. თვით გადარჩენის, თვით დამკვიდრების სურვილი. სურვილი იმისა, რომ იყოს მიღებული საზოგადოებაში ნებისმიერ ფასად. იყოს პატივცემული თუნდაც მის მიართ შიშის საფუძველზე. რა თქმა უნდა ბავშვის კრიმინალური ქმედებები უფრო და უფრო აშორებს მას საზოგადოებისგან, რაც მეტ აგრესიას იწვევს მასში. საქციელის გვიანი გაცნობიერება სამწუხაროდ ნაკლებად შედეგის მომტანია. მძიემა გაცნობიერება ბავშვისთვის რომ ის უკვე შემდგარი კრიმინალია. უკვე სასმელის და ნარკოტიკის თემაც ბავშვებამდე მიდის. მსოფლიო სტატისტიკა გვამცნობს რომ ღარიბ მოსახლეობაში მეტი კრიმინალია. ბავშვებს არ გააჩნიათ სკოლაში სწავლის, სახელმძღვანელოების შეძენის და ჩაცმისთვის საჭირო სახსრებიც კი. ბევრ მათგანს უწევს ქუჩაში ცხოვრება და საკვებისთვის ბრძოლაც კი. მათი ფსიქიკა მთლიანად არის დარღვეული და ეს მდგომარეობა საგანგაშოა. შეუძლებელია მთელი პასუხისმგებლობა მათ მშობლებს გადავაბაროთ და ვთქვათ, რომ ისინი სათანადოდ არ ზრუნავენ შვილებზე, არ უყალიბებენ მაღალ მორალურ თუ სხვა სახის პრინციპებს. თუ ბავშვს მძიმე სოციალურ პირობებში უხდება ცხოვრება, ესე იგი მათი მშობლების ანალოგიურ გარემოში არიან. ზოგ, თუმცა არც ისე ხშირ შემთხვევაში კრიმინალის მაგალითი სწორედ მშობლები არიან. თუმცა არსებობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომლებიც ხშირად ურთიერთგაგებისა და ოჯახური იდილიის მაგალითებიც კი ხდებიან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა, გარემოსთან ადაპტაციის უნარი, და ნებისყოფა, რომ ადეკვატურად აღიქვას და გაუძლოს სოციალურ გარემოს. ოჯახის შემდეგ, ყურადღება მისაქცევია მოზარდის გარშემო არსებული გარემოცვა, ის ადამიანები, რომელთა გვერდითაც ყალიბდება ბავშვი. ეს ის გარემოა, რომელშიც ცდილობს ის საკუთარი თავის დამკვიდრებას. დადებითი ატმოსფერო და ასევე განწყობილი თავისთავად დადებითად მოქმედებენ მოზარდის ჩამოყალიბებაზე. დაძაბულობა კი რა თქმა უნდა მძიმე სტრესის მომტანია. ასეა თუ ისე, ბავშვთა დანაშაული ეს არის თემა, რომელსაც უნდა ერთობლივად ებრძოდეს მთელი საზოგადოება. ამ სტატიაში განზრახ არ მოვიყვანე მაგალითები საქართველოს რეალობიდან. ფაქტები კი როგორც იცით მრავალი და არა ნაკლებ შემაძრწუნებელია. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი. როდესაც საქმე ბავშვს ეხება, ძნელია თქვა – დამნაშავეა. ეს არის დანაშაული სიგიჟის ზღვარზე, შემთხვევითი განზრახვა თუ უკვე ჩამოყალიბებული კრიმინალი, ფრთხილად – დამნაშავე ბავშვია. მის საქციელზე მორალურ პასუხს აგებს მთელი ქვეყანა. თითოეული ადამიანი, ვინც მის გარშემო შეიძლება ყოფილიყო. არავინ იცის, სასჯელი ჩადენილი დანაშაულისთვის, ციხეში გატარებული წლები კიდევ რა ზიანს მიაყენებს მათ ფსიქოლოგიას. თუმცა დანაშაული დაუსჯელი ვერ დარჩება.