1551
2012.10.18
საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის აუცილებელი პირობები
იმისათვის, რომ მიიღოთ საქართველოს მოქალაქეობა, რამდენიმე კანონით განსაზღვრული პირობა არსებობს, რომელიც ხშირად იწვევს გაუგებრობას. პირობები შემდგომში მდგომარეობს: პირი რომელსაც სურს მოქალაქეობის მიღება, განცხადების შეტანამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში; კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას; იცნობდეს ქვეყნის ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებს. სამართლის გარკვეულ დონეზე ცოდნა საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოს მოქალაქე პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აქედან გამომდინარე საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების ცოდნა უმნიშვნელოვანესია.
არსებობს მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც პირი აბარებს გამოცდას ქართული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად. მოქალაქეობის მიღების საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს ის გარემოება, თუ პირს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს სამუშაო ადგილი, ფლობს უძრავ ქონებას, ახორციელებს სამრეწველო საქმიანობას ან/და ფლობს ქვეყნის საწარმოში წილს ან აქციებს.
ზემოთ ჩამოთვლილი პირობების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს მისცეს საქართველოს მოქალაქეობა პირს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება გააჩნია სახელმწიფოს წინაშე, ან მისი კვალიფიკაციით, პროფესიით, გაწეული ან გასაწევი სამუშაოთი დაინტერესებულია სახელმწიფო. მოქალაქეობის მიღების საკითხის განსახილველად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან ტერიტორიულ სამსახურს. ასევე შეგიძლიათ სხვა ქვეყნიდან ინტერნეტის მეშვეობით შეავსოთ აპლიკაცია და ყველა საჭირო დოკუმენტის გაგზავნით დაარეგისტრიროთ განცხადება. იმისთვის რომ თქვენი განცხადება განიხილონ, უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (თან იქონიეთ და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);
დაბადების მოწმობის ასლი (თუ დაბადებული ხართ საზღვარგარეთ და გაქვთ აღნიშნული დოკუმენტი);
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის) ასლი;
საქართველოში სამუშაო ადგილის, უძრავი ქონების, საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის , საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;
საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, კომპეტენტურ ორგანოში განცხადების განხილვის ჩვეულებრივი ვადაა 3 თვე.