1463
2016.03.22
რა შემთხვევებში არ იხდის პირი საშემოსავლო გადასახადს?
საშემოსავლო გადასახადისაგან თავის დაღწევას პირები სხვადასხვა გზებით ცდილობენ. თუმცა, კანონი მათ საშემოსავლო გადასახადისაგან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ათავისუფლებს. აღნიშნულ სტატიაში გაგაცნობთ იმ შემთხვევებს, როდესაც პირები საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებიან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი და არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით. კოდექსი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც პირი სრულად თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან. ფიზიკური პირის შემთხვევაში დაბეგვრისაგან თავისუფლდება მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები, ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები.
პირი დაბეგვრისგან თავისუფლდება ასევე ალიმენტის ან განქორწინების საფუძველზე ქონების (შემოსავლის) მიღებისას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი და საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი. არ იბეგრება ასევე საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება და ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პირები რიგ შემთხვევაში თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან. სხვა ყველა გზა აღნიშნული გადასახადის გადახდისაგან თავის ასარიდებლად არის უკანონო და ეწინააღმდეგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, რადგან გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი წყაროა.