1233
2016.04.06
რა ცვლილებები იგეგმება საგადასახადო სისტემაში?
ექსპერტები დიდი ხანია ლობირებენ იდეას ,რომელიც მოგების გადასახადის გაუქმებას გულისხმობს, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი აქტუალური 2016 წელს გახდა. მას შემდეგ, რაც ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. მისი ინიციატივით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება.
დღესდღეობით ფინანსთა სამინისტრო მოცემულ რეფორმას მხარს უჭერს და აპირებს 2017 წლის 1 იანვრიდან აამოქმედოს. მანამდე კი გეგმავს, ხელი შეუწყოს ბიზნესს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი ხარვეზები.
სამინისტროს ცნობით, პროექტი სამ ეტაპად ამოქმედდება:
პირველ ეტაპზე, იმპორტის დროს დამატებითი ღირებულების გადასახადი საჭირო აღარ იქნება.
მეორე ეტაპზე განაწილებული მოგების გადასახადი ჩაენაცვლება დამატებითი ღირებულების გადასახადს. (სწორედ ეს ნაწილი ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან)
მესამე ეტაპი უკვე 2019 წლიდან განხორციელდება და შეეხება საფინანსო სექტორს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა ,,გადასახადის გადამხდელთა კავშირმა“ და მთავრობას მოგების გადასახადის გაუქმების საკუთარი სქემაც კი შესთავაზა. მათი აზრით, რეფორმა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს შემდეგი სქემის მიხედვით:
მოგების გადასახადი ამჟამად: 15%; I ეტაპი 10%; II ეტაპი 5%; III ეტაპი 0%; დივიდენდის
საშემოსავლო ამჟამად: 5%; I ეტაპი 10%; II ეტაპი 15%; III ეტაპი 20%.
პროექტი არაერთგვაროვნად შეაფასეს ექსპერტებმა:
„მოგების გადასახადის გაუქმებით დამატებით ბონუსს მოვიზიდავთ ინვესტორებისაგან. ისინი დაინახავენ, რომ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ეს კი ძალიან დიდი სტიმული იქნება მათთვის.„ - ეფრემ ურუმაშვილი, ექსპერტი საგადასახადო სამართლის საკითხებში
„ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება სწორი და მისაღებია, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს საწარმოებისა და წარმოების ზრდას ქვეყანაში“ - ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი
„ზოგიერთი ფირმა ისეთ მაღალ მარჟაზე მუშაობს და იმხელა მოგებას იღებს, რომ იქიდან გადასახადი აუცილებლად უნდა შევიდეს ბიუჯეტში.“ - იაშა მესხია, ეკონომიკის ექსპერტი
,,ნებისმიერი გადასახადის გაუქმება ბიზნესს ანიჭებს თავისუფლებას, აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის საკმაოდ კარგი იქნება.“ - რამაზ გერლიანი
„ ჩემი აზრით, ამ გადასახადის გაუქმება მოხდება საშემოსავლო გადასახადის გაზრდის ხარჯზე.“ - ირაკლი შავიშვილი, აუდიტორი
ინიციატივას ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ დადებითი შეფასებები მოჰყვა. მათი განცხადებით გამოთავისუფლებული თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებას მოხმარდება.