რა შემთხვევაში შეუძლია „სითი პარკს“ ავტომობილის გადაყვანა საჯარიმო სადგომზე?3906 2016.05.11
რა შემთხვევაში შეუძლია „სითი პარკს“ ავტომობილის გადაყვანა საჯარიმო სადგომზე?
დღეს-დღეობით ხშირია შემთხვევა, როდესაც ავტომობილები "სითი პარკს" აქტიურადგადაყავს საჯარიმო სადგომზე, ალბათ, ყველა ჩვენგანს შექმნია მსგავსი პრობლემა. განვიხილავთ იმ შემთხვევებს, თუ როდის უნდა მოხდეს ავტომობილის მფლობელის უბრალოდ დაჯარიმება ან ავტომობილის დაცულ სადგომზე გადაყვანა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით „სითი პარკი“ უფლებამოსილია დააჯარიმოს დედაქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისათვის პირი 10 ლარით, მაგრამ „სითი პარკის“ წარმომადგენელს შეუძლია მხოლოდ მაშინ გადაიყვანოს ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე ან მის თვლებს გაუკეთოს ბლოკირება სპეციალური საშუალებებით თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს, მაგრამ, გადაყვანისა და საბურავების ბლოკირებისთვის აუცილებელია ავტომობილი აფერხებდეს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნიდეს უსაფრთხო მოძრაობას. დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მერიისა და საკრებულოს მიერ ითვალისწინებს საფასურის გადახდას, საფასურის გადახდის გარეშე პარკირების გამო ავტომობილი შეიძლება დაჯარიმდეს 10 ლარით. ხოლო, 12 საათზე მეტი დროით პარკირების შემთხვევაში ავტომობილი შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში სპეციალურ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება ავტომობილის მძღოლს ან მის მფლობელს. დედაქალაქის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირების შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება პირდაპირ გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის შესახებ მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. როდის უნდა გადაიხადოთ ჯარიმა? პირმა, რომელიც იქნა დაჯარიმებული, ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარების მომენტიდან 30 დღის ვადაში, ამ ვადის გასვლის შემდგომ, პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის იძულებით გადახდევინების ღონისძიება (ყადაღა და ა.შ.). რას ნიშნავს საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და როდის ითვლება ჩაბარებულად? აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემას ვაწყდებით ხოლმე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებასთან დაკავშირებით, მაგალითად, შესაძლებელია მოქალაქე დაჯარიმდეს არასწორი პარკირების გამო, ქვითარი დაუტოვონ საქარე მინაზე და შემდგომ, ქარმა ქვითარი გადააფრიალოს და დაკარგოს. ასეთ შემთხვევაში, დაჯარიმებულ პირს გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა ვინაიდან, საჯარიმო ქვითრის ჩაბარებად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ პირადად გადაცემა ან თავის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარება.