2174
2016.05.13
ვის ეკუთვნის სავალდებულო წილი?
მემკვიდრეობის ინსტიტუტი ქონებათა კანონიერად გადაცემასა და მათ სამართლიანად განაწილებას უზრუნველყოფს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც შეუძლია მოითხოვოს გარდაცვლილი პირის ქონება.
ასეთებად მიჩნეულნი არიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები),შემდეგ გარდაცვლილის დები და ძმები, მათი არარსებობის შემთხვევაში კი ქონების განაწილება ხდება რიგითობის მიხედვით.
ზოგადი წესით მამკვიდრების ქონების გადაცემა ანდერძის წესით ხდება, თუმცა სამართლიანოს პრინციპის გათვალისწინებით კოდექსი იცნობს სავალდებულო წილის ცნებასაც. განვმარტოთ რას ნიშნავს აღნიშნული ტერმინი, ვინ შეიძლება მიჩნეულ იქნებას სავალდებულო წილის მატარებელ სუბიექტად და რა სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება სავალდებულო წილის მოთხოვნა. პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეობის მომლოდინე შვილი მშობლისაგან ვერ იღებს შესაბამის ქონებას და იწყებს სამართლებრივ დავას საკუთარი წილისათვის. აღნიშნული ინსტიტუტი სწორეს მსგავს შემთხვევაში იწყებს მოქმედებას.
„მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.“ შესაბამისად, სავალდებულო წილი ეკუთვნის მხოლოს პირველი რიგის მემკვიდრეებს. ამ შემთხვევაში კანონის ძალით გამოითვლება თუ რა წილი ერგებოდა თითოეულ მათგანს ანდერძის არარსებობისას და მიეკუთნებათ მათ, ამ წილის ნახევარს. აგრეთვე, სავალდებულო წილში ჩაითვლება მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიღებული ქონებაც.
ამ ინსტიტუტის მეშვეობით ხდება იმ პიროვნების უფლებების დაცვა, რომელიც შესაძლოა ანდერძში საერთოდ არ იყოს მოხსენებული, თუმცა წარმოადგენს გარდაცვლილის შვილს, მშობელს ან მეუღლეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად უნდა გადაწყდეს, გარკვეულ შემთხვევაში მამკვიდრებლის ნებას უპირისპირებს მისი ახლო ნათესავის უფლებას და პრობლემის გადაჭრას ყველაზე ჰუმანური გზებით ცდილობს.