სისხლის სამართალი არასრულწლოვნებისთვის1307 2012.10.19
სისხლის სამართალი არასრულწლოვნებისთვის
არასრულწლოვნისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ერთ–ერთი მძიმე საკითხია სისხლის სამართალში. საზოგადოებისა და სახელმწიფოს აზრი აქ ყველა მეტად დამნაშავის რეაბილიტაციისა და გამოსწორებისკენ არის მიმართული. სისხლის სამართალში შემავალი საკანონმდებლო ნორმებიც მათი ინტერესების გამტარებელია. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაცდანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.

არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება დაენიშნოს სასჯელი ან აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება. არასრულწლოვანი დამნაშავისათვის დასანიშნი სასჯელის სახეებია:

  • ჯარიმა;
  • საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
  • გამასწორებელი სამუშაო;
  • თავისუფლების შეზღუდვა;
  • ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

არასრულწლოვანს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ენიშნება ერთიდან სამ წლამდე ვადით. ხოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ენიშნება ორმოციდან სამას ოც საათამდე ვადით, რომელსაც ის მოიხდის სწავლისაგან ან ძირითადი სამუშაოსაგან თავისუფალ დროს. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ეს სასჯელი გულისხმობს ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც ძალუძს არასრულწლოვანს. ამ სასჯელის ვადა თხუთმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში ოთხ საათს, ხოლო თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის – დღეში ექვს საათს. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის. არასრულწლოვანს გამასწორებელი სამუშაო ენიშნება ორი თვიდან ერთ წლამდე ვადით; თავისუფლების შეზღუდვა კი ოთხ წლამდე ვადით.

თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს. არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის დროს, მხედველობაში მიიღება მისი ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, ფსიქიკური განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხვა პიროვნული თავისებურებანი, მასზე ასაკით უფროსი პირის ზეგავლენა. კანონი არასრულწლოვნებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დანაშაული ყოველთვის დანაშაულია, მიუხედავად მისი ჩამდენის ასაკისა, და სასჯელიც შესაბამისად გარდაუვალია.