რა მოვალეობები ეკისრებათ ჟურნალისტებს?3008 2016.05.18
რა მოვალეობები ეკისრებათ ჟურნალისტებს?
თანამედროვე სამყაროში მედია სამართლის როლი მნიშვნელოვნად დიდია. პრესისა თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოება მუდმივად ინფორმირებულია ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა კომერციულ თუ არაკომერციულ სამაუწყებლო კომპანიებს მუდმივი მუშაობა უწევთ, ისინი თავის თავზე იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, გადაამოწმონ ნებისმიერი წყარო, საჭიროების შემთხვევასი დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და მორალურ-ეთიკური ნორმების შესაბამისად იმოქმედონ. განვიხილოთ რამდენიმე მნიშნელოვანი ასპექტი ჟურნალისტთა პროფესიული ვალდებულების ჭრილში, აკმაყოფილებს თუ არა მათი საქმიანობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოებამდე სიმართლის მიტანა ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა. მანპატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. მან არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო. მას უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება; ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ.