უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია?1046 2016.05.20
უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია?
ჩვენს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა მრავალჯერ გახდა დისკუსიის საგანი. ბოლო პერიოდში არაერთი კამპანია დაიწყო იმისათვის, რომ სახელმწიფო ორგანოებს გადაეხედათ ნარკოპოლიტიკისათვის და მის ლიბერალიზაციაზე ემუშავათ. ისეთი მოძრაობები, როგორიცაა „2 ივნისი“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საკანონმდებლო ცვლილებებისათვის იბრძვიან. მათი აზრით, საჭიროა განხორციელდეს ძირეული რეფორმები ნარკოკანონმდებლობის ჰუმანიზაციისათვის. ერთობლივმა წინააღმდეგობის კამპანიებმა, კონკრეტული შედეგები გამოიღო. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას გამო პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო. ამას გარდა, აქტიურმა კამპანიებმა საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების კუთხითაც დიდი გავლენა იქონია. დადგა საკითხი იმისა, არის თუ არა ნარკოდამოკიდებული კრიმინალი და საჭიროა თუ არა სახელმწიფომ პრობლემის მასშტაბის შესამცირებლად ჯანდაცვის კუთხითაც იმუშაოს. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის იარაღი ხდება და მას არაფერი აქვს საერთო საზოგადოებაზე ზრუნვასთან. სასტიკი პოლიტიკა, რომელიც ნარკოდამოკიდებულის მიმართ გამოიყენება არაადეკვატურია და იგი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უარყოფს. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა. წარმოდგენილ იქნა მაგალითები სასჯელის არაპროპორციულ ზომებზე, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს შეეხოთ. საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად ჩამოთვლილი კამპანიები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მათი მიზანია რეფორმების იმგვარი გატარება, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს აღარ დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანაფისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვის გამო. საზოგადოებრივი ინიციატივა არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესახებ ყურადღებას ამახვილებს ნარკოდამოკიდებულის რეაბილიტაციაზე, სხვადასხვა სერვისებისა და პროგრამების შემუშავებაზე, რომელიც „დამნაშავეს“ შესაძლებლობას მისცემს აღიდგინოს სოციალური სტატუსი და გაიმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნაცვლად იმისა, რომ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკით, სამუდამოდ დაკარგოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში.