3910
2016.05.27
თმენის ვალდებულება სამეზობლო სამართალში
ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მეზობლები დაპირისპირებულ მხარედ გვევლინებიან სასამართლოში და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ გამომავალი ხმაურისა თუ სხვა უარყოფითი ზემოქმედების გამო. განვიხილოთ თუ რა შემთხვევაში შეიძლება სასამართლოს ძალით მოხდეს აღნიშნული ქმედების აღკვეთა და რომელი სამართლებრივი ნორმებით ხდება მოცემული ურთიერთობის რეგულიერება.
სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი განმარტავს: "მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება."
აღნიშნული ნორმა გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვის საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც თანხმობაშია მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობასთან.
სამოქალაქო კოდექსის 175–ე მუხლის თანახმად „მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.“ აღსანიშნავია, რომ თუკი ხელყოფა მნიშვნელოვნად ლახავს ერთ–ერთი მეზობლის ინტერესებს, მას შეუძლია სასამართლოს ძალით მოითხოვოს უარყოფითი ზემოქმედების აღკვეთა.
ნათელია, სამოქალაქო კოდექსი მოუწოდებს მეზობლებს მაქსიმალურად შეეცადონ კონფლიქტის თავიდან აცილებას და პატივი სცენ ერთმანეთის მოქალაქეობრივ უფლებებს. ეს კი საბოლოოდ განაპირობებს, მოქალაქეთა მშვიდი თანაცხოვრებისა და უსაფრთხო გარემოს სტაბილურ მოქმედებას.