773
2016.05.27
საქართველოში ახალი ფინანსური ინსტრუმენტი ინერგება
თანამედროვე საფინანსო სისტემა მუდმივად ვითარდება და სხვადასხვა ცვლილებებს განიცდის. საქართველოში ინერგება ახალი ფინანსური სისტემა, რომელიც მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა „საწყობის ჩეკის“ შესახებ ისაუბრა.
მინისტრის მოადგილე აცხადებს: “ საქართველოში სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს, ფერმერებს უჭირთ სესხის მიღება, მიუხედავად სახელმწიფო პროგრამებისა, ვინაიდან მათ ხშირად არ გააჩნიათ გირავნობისთვის ქონება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, საწარმოებში და კერძო კოოპერატივებში შემოვიტანოთ ახალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ეწოდება „საწყობის ჩეკი“. რაც ნიშნავს შემდეგს, რომ თუ ამ საწარმოს ან კოოპერატივს ექნება უფლებამოსილება გასცეს ასეთი ქვითარი, ამ ქვითრის საფუძველზე კერძო ფერმერი მიიღებს ფინანსური ორგანიზაციიდან, ბანკებიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხს.“
დავით გალეგაშვილის თქმით, ფერმერი, რომელიც ფლობს რამდენიმე ჰექტარ თხილს ან სხვა სახის პროდუქციას, მოსავლის მიღების შემდეგ ნაწილს დაასაწყობებს საწარმოში ან კოოპერატივში და საწყობის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე შეძლებს სესხის აღებას. როგორც იგი აღნიშნავს, ჯერ–ჯერობით ამისთვის მზად არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები უყურებენ ვითარების განვითარებას და მისი აზრით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იქნებიან პირველები, ვინც ამას დაიწყებენ.“