როგორ იცავს კანონმდებლობა ბავშვის უფლებებს?1980 2016.06.01
როგორ იცავს კანონმდებლობა ბავშვის უფლებებს?
ბავშვთა უფლებების დაცვა თანამედროვე სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ძალადობისა თუ დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. სახელმწიფო ორგანოები კი ვალდებულნი არიან აღმოფხვრან ამგვარი ფაქტები და საზოგადოებაში დაამკვიდრონ მიდგომა, რომელიც მოწოდებული იქნება აღიაროს და დაიცვას ნებისმიერი ბავშვის უფლება. საერთაშორისო პრაქტიკა ამ კუთხით პროგრესულ კანონმდებლობას გვთავაზობს. ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია”, რომელსაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი, მსოფლიო მასშტაბის დოკუმენტად გვევლინება. აღნიშნული დეკლარაცია დეტალურად განმარტავს ბავშვთა უფლებებს და ითვალისწინებს, რომ, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშია აღნიშნული, „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გამოაცხადა, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. სწორედ ამიტომ სახელმწიფო დაწესებულებები ისევე, როგორც არასამთავრობო,სამოქალაქო სექტორი აქტიურად მუშაობენ ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების კუთხით. ტარდება არაერთი საგანმანათლებლო კამპანიები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას. ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია“ განმარტავს, რომ ბავშვი მთლიანად მომზადებული უნდა იყოს საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებულ იდეალებზე, და, განსაკუთრებით მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. მოცემული კონვენცია საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან. ეროვნული კანონმდებლობა აღიარებს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ განმტკიცებულ სამართლებრივ ნორმებს და თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს განხილული უფლებების დაცვა საქართველოში. სამწუხაროდ, ზემოთ განხილული საკანონმდებლო ნორმების მიუხედავად, რეალობაში ბავშვთა უფლებები მაინც ხშირად ირღვევა. ფიზიკური ძალადობის ფაქტების გარდა, ადგილი აქვს არასრულწლოვნების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც არანაკლებ მტკივნეულად აისახება მათ მდგომარეობაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ,,ბავშვის უფლებათა კონვენციასა” და სხვა სამართლებრივ აქტებში განმარტებული ნორმები პრაქტიკაშიც განხორციელდება და ძალადობის ფაქტები ბავშვების მიმართ მაქსიმალურად შემცირდება.