როგორ ისჯება გარემოს დაბინძურება?5353 2016.06.02
როგორ ისჯება გარემოს დაბინძურება?
გარემოს დაცვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენს დროში ტექნიკის განვითარებას თან ახლდა უამრავი უარყოფითი შედეგიც, რაც საბოლოოდ ჯანმრთელ გარემოზეც აისახა. სატრანსპორტო საშუალებებმა, საწარმოო ურთიერთობების განვითარებამ, ხე-ტყისა და ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივად გამოყენებამ თანამედროვე საზოგადოება დიდი საშიშროების წინაშე დააყენა. ბუნებრივია, გარემოს დაცვის სფერო შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება. ბოლო პერიოდში, საქართველოში გამკაცრდა ნორმები, რომელიც გარემოს დანაგვიანებას ეხებოდა. მაგალითად: „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც 2014 წელსაა მიღებული განმარტავს : “აკრძალულია ნარჩენის (ნარჩენების) გარემოში დაგდება (დაყრა), გადაგდება (გადაყრა) ან/და მიტოვება ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტების გარეთ.“ აგრეთვე, მოცემული სამართლებრივი აქტი ადგენს, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ვალდებულია დაასუფთაოს დანაგვიანებული ტერიტორია, თუ იგი მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შედეგად დანაგვიანდა. გარემოს დანაგვიანებისათვის ჩვენს ქვეყანაში განსაზღვრული ჯარიმაცაა დაწესებული. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. იგივექმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარისოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარისოდენობით. . ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირეოდენო ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარისოდენობით. მოცემული დანაშაულის გამკაცრება პრობლემის მასშტაბებმა განაპირობა. ქვეყნის დედაქალაქსა თუ რეგიონებში ხშირად ვაწყდებით პოლიეთილენის პარკებსა და სხვადასხვა ნარჩენ მასალას. აღნიშნული ნივთიერებები კი არ იხრწნება და ამგავრი ფორმით აბინძურებს ბუნებას. საზოგადოების მხრიდან ამ პრობლემის იგნორირებამ შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოს დაცვა მავნე ნივთიერებებისაგან, შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც საზოგადოების თვითშეგნებას აამაღლებს და უარი თქვას ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივ მოპოვებაზე. სახელმწიფო დაწესებულებების გარდა ამ პრობლემის მოგვარების კუთხით მუშაობს არასამთავრობო სექტორიც. „მწვანეთა“ ორგანიზაციები აქტიურ კამპანიებს აწარებენ იმისათვის, რომ პრობლემის არსი და რისკები ყველა ინდივიდისათვის ნათელი იყოს და მაქსიმალურად შემცირდეს გარემოს დაბინძურება საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების გამო.