დაკარგული პირადობის მოწმობით უცნობმა პირმა ისარგებლა2279 2016.06.06
დაკარგული პირადობის მოწმობით უცნობმა პირმა ისარგებლა
საადვოკატო ბიურო ბიურო „OK & CG“–ის სარჩელი შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიიღო. დავა შეეხებოდა უცნობი პირის მიერ თაღლითური გზით დამზადებულ დოკუმენტაციას, რომლის გამოც მოქალაქეს 323,544 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა. 2001 წელს მოქალაქე მ.ბ–მ გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა პირადობის მოწმობა,რითიც ისარგებლა უცნობმა პირმა, ყალბი პირადობის მოწმობით დარეგისტრიდა ინდ. მეწარმედ, ცალკე ფირმებთან განახორციელა საფინანსო–სამეურნეო ოპერაციები და თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდას. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ პირადობის მოწმობას ნამდვილად ემჩნეოდა ე.წ “გატეხვის კვალი“ და გამოკვლევაზე წარმოდგენილი პირადობის ფოტოსურათი გადაწებებული ანუ შეცვლილი იყო. მოცემულ საქმეზე, სისხლის სამართლის საგამოძიებო მოქმედებები 2002 წლის 15 დეკემბერს შეჩერდა, რადგან დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ვერ დადგინდა. მიუხედავად საქმეში არსებული გარემობების და ექსპერტის დასკვნისა, რომელიც ამტკიცებდა, მოქალაქე მ.ბ–ს უდანაშაულობას, შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 11 აპრილის ბრძანებით ყადაღა დაადო მის ქონებას და დააკისრა 323,544 ლარის გადახდის ვალდებულება. ადმინისტრაციულომა ორგანომ ფაქტობრივად უარყო ფაქტი, რომ დამნაშავის ვინაობა დაუდგენელი იყო და პასუხისმგებლობა სრულიად უდანაშაულო პირს დააკისრა. საადვოკატო ბიურო ”OK & CG” იცავდა მოქალაქე მ.ბ–ს ინტერესებს სასამართლოში და მიიჩნევდა, რომ შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ მოქალაქეს უკანონოდ დააკისრა თანხის გადახდა და მათ მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნდა. საბედნიეროდ, საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა–განამარტების მოსმენის და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოქალაქე მ.ბ–ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. მან ბათილად სცნო შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო სამართლებრივი აქტები, აგრეთვე მ.ბ–ს ჩამოაწერა უკანონოდ დაკისრებული დავალიანება და მოპასუხე მხარეს დააკისრა მოქალაქის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები. მიუხედავად ზემოთ განხილული ყველა ფაქტისა, მოპასუხეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ამიტომ აღნიშნული საქმის განხილვა 2016 წლის 7 ივნისს კვლავ გაგრძელდება. საადვოკატო ბიურო „OK & CG“–ის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ დავა სამართლიანობნის პრინციპის შესაბამისად გადაწყდება და მოქალაქე მ.ბ–ს ინტერესებს სააპელაციო სასამართლო სრულიად გაითვალისწინებს.