1002
2016.06.09
მეანაბრე ბანკის წინააღმდეგ
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ტერა ბანკი“, რომელიც წარსულში „კორ სტანდარტ ბანკის“ სახელით იყო ცნობილი სკანდალში გაეხვა. ბანკის მეანაბრე მას თანხის მითვისებისთვის ედავება. კლიენტის მტკიცებით 3 წლის წინ ბანკისთვის მიბარებული დაახლოვებით 800000 დოლარი ანგარიშიდან გაქრა. როგორც შემდეგ გაირკვა ეს თანხა სხვადასხვა პირის ანგარიშზე ჩაირიცხა. თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტების ნამდვილობა მხარეებს შორის სადავოა. საქმეში გასარკვევად პროკურატურას კლიენტის და ბანკის ადვოკატები მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ ბანკმა კლიენტის ანგარიშიდან თითქმის ორი მილიონი მიითვისა.
დოკუმენტების თანახმად მეანაბრემ 2013 წელს ანაბარზე 800000 დოლარი შეიტანა. ერთი წლის მანძილზე სარგებელს იღებდა. შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიში განულებული იყო. კლიენტის ადვოკატების მტკიცებით, მეანაბრის ანგარიშზე არსებული თანხით ბანკმა 4 უცნობი პირის კრედიტი დაფარა, რომელთაც სესხი „ტერა ბანკიდან“ ჰქონდათ გატანილი.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ პირებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ იცნობს და დოკუმენტზე არსებული ხელმოწერები გაყალბებულია, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის ორჯერ ჩატარებული დასკვნაც ადასტურებს. „ტერა ბაკის“ წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ და განმარტავენ, რომ მათ წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ფინანსური ინსტრუმენტის დისკრედიტაციას ემსახურება. ისინი აცხადებენ, რომ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის უტყუარობა დასტურდება და იგი მართლაც მეანაბრეს ეკუთვნის.
კლიენტსა და ბანკს შორის მიმდინარე დავას ბანკთა ასოციაციაც აკვირდება.მათი აზრით, მსგავსი შემთხვევები რეპუტაციული რისკის მატარებელია. „ტერა ბანკი“ აღნიშნული ასოციაციის წევრია და ისინი აპირებენ ბანკის ინტერესები დაიცვან. შესაბამისი საჩივრით პროკურატურას კლიენტმაც და ბანკმაც მიმართა. გამოძიება სავარაუდოდ ფულის გათეთრების, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით მიმდინარეობს.