საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაძლოა მოწევა აიკრძალოს957 2016.06.15
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაძლოა მოწევა აიკრძალოს
საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტში ახალი ინიციატივა შეიტანა. კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაამკაცრებს მასში განმტკიცებულ ნორმებს. რადიო ფორტუნასთან საუბრისას გუგული მაღრაძე აღნიშნავს, რომ რეგულაცია შეეხება კაფეებს, რესტორნებსა და ისეთ ადგილებს, სადაც დახურული სივრცეა. „კანონის მიხედვით, დაწესებულების მფლობელი თავად გადაწყვეტს, მთლიანად აკრძალოს მოწევა თუ სპეციალური ადგილები გამოყოს მწეველებისათვის. კანონის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებების მეპატრონეებს ჩვენ 2018 წლის 1 იანვრამდე ვაძლევთ დროს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და თავიანთი დაწესებულება სტანდარტის შესაბამისად მოაწყონ”-აღნიშნავს პარლამენტარი. კანონპროექტის ინიციატორი მიიჩნევს, რომ ამით არამწეველების ჯანმრთელობა მეტად დაცული იქნება, იმ მავნე ზემოქმედებისაგან, რასაც თამბაქოს კვამლი იწვევს. როგორც კვლევები აჩვენებს, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად 11 000 ადამიანი კვდება. ამ სავალალო შედეგის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, კანონის გამკაცრება სრულიად გამართლებული იქნება.