1694
2016.06.16
ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევები გაზრდილია
სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, ძალიან მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის ირგვლივ არსებული რეალობა, განსაკუთრებით შეშფოთებას ქალთა მკვლელობის შემთხვევები იწვევს. პრობლემის მასშტაბისა და სიმძაფრის გათვალისწინებით, უფრო მეტი ძალისხმევა საჭიროა იმისთვის, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავი ძალადობისაგან დაცულად იგრძნოს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ ამ თემის შესწავლამ ცხადყო, რომ გასულ წელთან შედარებით გაიზარდა ოჯახის ძალადობის შემთხვევათა იდენტიფიცირების მაჩვენებელი. რაც თავის მხრივ დადებითი ტენდენციაა, თუმცა ამავდროულად ზრდის განმეორებითი შემთხვევებისა და დამცავი ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა შეაგროვა და გაანალიზა 2015 წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე წარმოებული სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდენის მიხედვით გამოვლინდა 2726 ოჯახის ძალადობის ფაქტი, სადაც მონაწილეობდა 5106 პირი. არსებული ინფორმაციით, მოძალადეთა 93% კაცია, ხოლო მსხვერპლთა 87% ქალი. მსხვერპლთა ასაკობრივი გადანაწილების შესახებ მონაცემები იძლევა რისკ-კატეგორიების იდენტიფიცირების და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას. ამასთან, სავარაუდოა, რომ 24 წლამდე პირები ნაკლებად მიმართავენ შესაბამის სამსახურებს და მნიშვნელოვანია მუშაობის ამ მიმართულებით გაგრძელება. გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისი ხასიათდება. ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის რაოდენობრივი მაჩვენებლის შეჯამებით გამოირკვა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. ქალთა მკვლელობის თუ მკვლელობის მცდელობის 50% ჩადენილია ქმრის მიერ ან ცალმხრივი სიყვარულის გამო, 25%სხა ოჯახის წევრის მიერ, 25% კი სხვა გარემოებაში, როგორიც არის ყაჩაღობა ან სამეზობლო კონფლიქტი.