1009
2016.09.29
მარიხუანას მოხმარებისათვის თავისუფლების აღკვეთა გაუქმდა!
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირის მიმართ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ის წესი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უმიზნო და გაუმართლებელია თავისუფლების აღკვეთა პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და როდესაც არ არსებობს პირის მიერ სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვისათვის. პირადი მოხმარების მიზნით ამ რაოდენობით მარიხუანის შენახვა თავისთავად მიუთითებს მისი განმეორებით, ან თუნდაც რუტინულად მოხმარების რეალურობაზე და ამ პირობებშიც უკვე დადგენილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანური ხასიათი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციული იქნება მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ საჭიროებს პროპორციულობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალ შეფასებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის მუხლი გაუქმდა.