ბრალდებული ცხოველები სასამართლო პროცესზე :) 2026 2016.10.04
ბრალდებული ცხოველები სასამართლო პროცესზე :)
სამართლის ისტორია საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება. განსხვავებულია წარმოდგენებიც სამართლის ძირითად მიზნებზე და პრინციპებზე. ანტიკური ხანის საზოგადოება უშვებდა არა მარტო ადამიანების სიკვდილით დასჯას, არამედ ცხოველების გასამართლებასაც. მათი წარმოდგენით, ცხოველები პასუხს აგებდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის, ისევე როგორც ადამიანები. იდენტური იყო სასჯელის სახეებიც. ჩამოხრჩობა, გაძევება, კოცონზე დაწვა, ქვებით ჩაქოლვა, დახრჩობა, გამოსასწორებელი ვადის მიცემა ის მეთოდებია, რითაც ადამიანები ცხოველებს დანაშაულისათვის პასუხს აგებინებდნენ. შემორჩენილია ცხოველების გასამართლების 200–მდე შემთხვევა. ასამართლებდნენ გველთევზებს, ხარებს, ძაღლებს, ცხვრებს, დელფინებს. ეს ხდებოდა ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ყოველთვის ცივილიზაციის კერად მიიჩნეოდა. (ვიქნები განსხვავებული და არ გავიხსენებ, რომ საქართველოში ამ დროს ვეფხისტყაოსანს წერდნენ ) ყველაზე ხშირად ადამიანები საკუთარი დანაშაულის გაცნობიერებას და გამოსწორებას ღორებისგან მოითხოვდნენ. ისინი თავისუფლად დადიოდნენ ქუჩებში და უფრო მეტად უჭირდათ კანონმორჩილად ცხოვრება. 1379 წლის 5 სექტემბერს, ფრანგულ მონასტერში აღზრდილმა ღორებმა მოკლეს პერინოტ მიუეთი. ისინი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. სიკვდილით დასჯა ელოდათ არა მხოლოდ უშუალო ამსრულებლებს, არამედ თანამონაწილეებსაც. მონასტრის ბერმა ჰუმბერტ დე პოუტიერსმა გაიაზრა ღორების დასჯით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი და ბურგუნდიის ჰერცოგს მათი შეწყალება სთხოვა. ჰერცოგმა შეისმინა ბერის თხოვნა. სიკვდილით დაისაჯა მხოლოდ სამი ღორი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მკვლელობაში. დანარჩენები შეიწყალეს. ისტორია არ ინახავს ცნობებს იმის თაობაზე როგორ დაისაჯნენ ღორები, მაგრამ გავრცელებული წესის თანახმად მათ ან დაწვავდნენ ან ჩამოახრჩობდნენ. ღორები ძირითადად ისჯებოდნენ ადამიანებისათვის ყურის ან ცხვირის მოჭმის გამო. თუმცა, ისტორიას ახსოვს ისეთი მკრეხელი ღორიც, რომელმაც ნაკურთხი ვაფლი შეჭამა 1394 წელს, საფრანგეთში. ის ჩამოხრჩობით დაისაჯა. იშვიათად, პროცესი ცხოველების სასარგებლოდაც მთავრდებოდა. 1750 წელს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ვირს, რომელიც ძალადობაში იყო ბრალდებული. მას მოწმედ დაუდგა ბერი და განაცხადა, რომ წლებია იცნობს მას, როგორც პატიოსანს და კარგად აღზრდილს. 1565 წელს ჯადოქრობისათვის გაასამართლეს ვირი მის მეპატრონესთან ერთად. თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, რომ ვირი ისეთი სიჩქარით დაქროდა, სატანის დახმარების გარეშე ამას ვერ შეძლებდაო. ვირიც და მისი პატრონიც მოკლეს. 1474 წელს კი შვეიცარიის ქალაქ ბაზელეშიჯადოქრობის ბრალდებით მამალი გაასამართლეს, რომელმაც კვერცხი დადო. მოგვიანებით, სიკვდილით დასაჯეს სპილო ტოპსიც. მას სამი ადამიანის სიკვდილში ედებოდა ბრალი. 1903 წლის 4 იანვარს ლუნას პარკში, კონის კუნძულზე მას 6600 ვოლტი ძაბვის დენი მიუერთეს, მანამდე კი ციანიდით გაჟღენთილი სტაფილოები აჭამეს. დღეისათვის ადამიანები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ცხოველი სასამართლოში ვერ აგებს პასუხს საკუთარ დანაშაულზე. მნიშვნელოვანია, თანამედროვე საზოგადოება ასევე წარმატებით მივიდეს იმ დასკვნამდეც, რომ ცხოველების დაცვა მათი ვალდებულებაა.