როგორ იცავენ ქალთა უფლებებს საქართველოში!2198 2016.10.11
როგორ იცავენ ქალთა უფლებებს საქართველოში!
ქალთა უფლებებზე მსჯელობა ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩება. ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან, ამტკიცებენ რომ მათ წახალისების, კვოტირების, სქესის გამო დათმობის გარეშეც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ. ეხმარებიან ერთმანეთს შეცვალონ როგორც საკუთარი, ისე საზოგადოების მსოფლმხედველობა და თანაბარ გარემოში, თანაბარი უფლებებით იცხოვრონ. არსებობს უამრავი მაგალითიც იმისა, რომ ბრძოლა ხშირად ტრაგიკულად მთავრდება. პაკისტანელი მალალა იუსაფზაი, უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, ტერორისტულმა მოძრაობამ დაჭრა. მალალა ქალების განათლების ხელმისაწვდომობისათვის იბრძვის და ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია. ყველა ადამიანი დაბადებით თანასწორია და ეს სამართლებრივად დარეგულირებულია. ლეკვი ლომისა რომ სწორია ამანაც საუკუნეების წინ გაიჟღერა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ქალებს ნივთებად მოიაზრებენ კანონმდებლობა თანასწორობის პრინციპის დაცვით არის შედგენილი რაც ნიშნავს იმას, რომ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტი, კლიშეებია, რომლებიც ქალებს აღიარებული უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევს. ქართული რეალობა ამ საკითხს ყველაზე ნათლად უსვამს ხაზს. მთაში გოგონებს შვილების ხსენებისას რაოდენობაშიც არ ითვალისწინებდნენ, განათლებას ვაჟებს აძლევდნენ და მხოლოდ გვარის გამგრძელებლის დაბადებას ულოცავდნენ. დღეს, ამ მხრივ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, ქალები იღებენ განათლებას, მუშაობენ და დამოუკიდებლები ხდებიან. თუმცა, საზოგადოების უმრავლესობა მათთვის მაინც 'ქალის შესაფერის' მარტივ, მშვიდ საქმიანობას იმეტებს. ისევ უამრავი ქალია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, აღიქმება საკუთრებად და ეშინია ხმის ამოღების. სწორედ ამიტომ, გაეროს მიერ დაწესებულ "გოგონების საერთაშორისო დღეს" საზოგადოებამ უნდა დაამტკიცოს,რომ მზადაა გააკეთოს ყველაფერი ქალთა ემანსიპაციისათვის. ბრძოლა თანასწორუფლებიანობის მოსაპოვებლად მსოფლმხედველობის შეცვლაზე გადის. აუცილებელია, საზოგადოების თვითშეგნება ქალის უფლებების ფაქტობრივ აღიარებამდე მივიდეს, რაც მხოლოდ თითოეული ადამიანის ძალისხმევით არის შესაძლებელი.