არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები!874 2016.10.12
არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები!
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებისას გამოვლენილი კანონდარღვევების გამო, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 59 საქმეზე. 59 საქმიდან, 9 საქმეზე უკვე განხორციელდა კონკრეტული პირების მიმართ (სულ 11 პირი) სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის − სსკ 125-ე მუხლით (ცემა) – 8 პირის მიმართ; 151-ე მუხლით (მუქარა) − 1 პირის მიმართ; და 162-ე პრიმა მუხლით (წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ცემა) − 2 პირის მიმართ. ამ საქმეებზე, სასამართლოს მიერ გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები.მოცემულ 9 სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია ასეთია: 1. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და წევრის ცემა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სპეციალისტის - საჯარო მოხელის მიერ; 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მარტვილის №65 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ამავე კომისიის წევრების („ქართული ოცნების“ წარმომადგენლების) ცემა; 3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის მიერ უჩაშონის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის („ქართული ოცნების“ წევრის) ცემა; 4. სოფელ დიდინეძში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრების და მხარდამჭერების, მათ შორის ერთი ახალგაზრდა გოგონას, წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ცემა; 5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტის მიერ დამოუკიდებელი (უპარტიო) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცემა; 6. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრის მიერ „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის წევრის ცემა; 7. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის მიერ პოლიტიკური გაერთიანების - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ - წევრის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ მუქარის განხორციელება; 8. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტისა და პოლიტიკური პარტია - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ - აქტივისტის მიერ ერთმანეთის ცემის ფაქტი; 9. სოფელ გამარჯვებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ცემის ფაქტი „ქართული ოცნების“ აქტივისტის მიერ.59 საქმიდან 1 საქმეზე სს კოდექსის მე-19-109-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაიწყო გამოძიება ინციდენტის საღამოსვე და გამოძიება ამჟამად მიმდინარეა (პარლამენტარ გ. თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე). წყარო:justice.gov.ge