1925
2016.10.13
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა
ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ხშირად გვხვდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შემთხვევები. მესამე პირებზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტის ინტერესებს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.
გარდა ამისა, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. პაციენტის გადაწყვეტილება და ინფორმაციის მიმღები პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ მოახდინოს მისი მესამე პირებისათვის მიწოდება ან/და გასაჯაროება.
უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ოჯახის წევრებს, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას პაციენტის შემდგომ მკურნალობასა და მოვლაზე, უფლება აქვთ იცოდნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა არის მიზნის პროპორციული და ადეკვატური.
მეორე მხრივ, მონაცემთა დამუშავების საფუძველი სახეზე არ იქნება და პრინციპების დარღვევა მოხდება, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახის წევრისათვის ინფორმაციის მიწოდება მოხდება მაშინ, როდესაც პაციენტი არ საჭიროებს სხვათა დახმარებას მკურნალობის ან თავის მოვლის პროცესში და შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რა ინფორმაციას მიაწვდის ოჯახის წევრებს.
სამედიცინო დაწესებულებამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გაცემა მისაღწევი მიზნის ადეკვატური და პროპორციული და არსებობს თუ არა მონაცემების გაცემის რეალური საჭიროება.
წყარო: პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი