1005
2016.10.13
თანამშრომლის გათავისუფლებისათვის დამსაქმებელს კომპენსაცია დაეკისრა!
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოქალაქე ბ. გ. -ს სარჩელი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს სადავო ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ამასთანავე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა კომპენსაცია - 1 წლის შრომის ანაზღაურების ჯამის სახით - 48 000 ლარი.
სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის არაეთიკური საქციელის ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ პირად ავტომობილს არასამუშაო საათებში უქმე/სადღესასწაულო დღეს მართავდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი ის გარემოებაც გახდა, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს აცნობა არა დაუყოვნებლივ (არასამუშაო დროს - ღამის საათებში), არამედ მომდევნო - პირველივე სამუშაო დღეს.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებანი და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს განმარტებით, ბ. გ.-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა (გამოხატული მსუბუქი ალკოჰოლური თრობის პირობებში ავტომობილის მართვაში), ნამდვილად იმსახურებს საზოგადოებრივ გაკიცხვას; ეჭვგარეშეა, რომ სასამართლო, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებით არავითარ შემთხვევაში აპირებს, რომ წაახალისოს მოქალაქეების მიერ ასეთი შინაარსის სამართალდარღვევის ჩადენა; თუმცა ამავე დროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც დამსაქმებელი, სავსებით უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიმართ გამოეყენებინა ნაკლებად მკაცრი სამსახურებრივი - დისციპლინური სახდელი (საყვედური, შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დაქვითვა და სხვა) და თავი შეეკავებინა უმკაცრესი ზომების გატარებისაგან. სასამართლო, რომელიც მოწოდებულია დაიცვას პირთა სოციალური უფლებები, მიიჩნევს, რომ პირის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიღებული უმკაცრესი ზომა, მოითხოვს უფრო მეტ დასაბუთებას და არგუმენტაციას.
სასამართლომ, საქართველოს ორგანული კანონის -„საქართველოს შრომის კოდექსის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩათვალა, რომ სახეზე იყო ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების - სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მოპასუხისათვის ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრების წინაპირობა. შესაბამისად, სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება ბ.გ-ს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან თანამდებობაზე, რომელიც დათხოვნამდე ეკავა მოსარჩელეს, გამოცხადებული იყო კონკურსი, რომელიც სასამართლოს განმარტებით მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პროცედურაა.