სასამართლომ ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილზე დაკისრებული ჯარიმა გააუქმა!886 2016.10.13
სასამართლომ ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილზე დაკისრებული ჯარიმა გააუქმა!
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გააუქმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია“ დაჯარიმდა. დაჯარიმების საფუძველი გახდა ცხოველთა თავშესაფრის მდებარეობა (კაიროს ქ. N9), რომელიც მოსახლეობისგან არ არის 300 მეტრით დაშორებული. სასამართლომ, თამაზ ელიზბარაშვილის საჩივარი დააკმაყოფილა და განმარტა, რომ დადგენილების დანაწესი ვრცელდება მხოლოდ იმ თავშესაფრებზე, რომლებიც ამ შემზღუდავი ნორმის დაწესების შემდგომ შეიქმნა. ვინაიდან, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად სრულიად განადგურდა, ხოლო მის სანაცვლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ თამაზ ელიზბარაშვილს კაიროს ქუჩაზე მდებარე 2083 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით, ცხოველთა ახალი თავშესაფრის განსათავსებელად გადასცა. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ თავშესაფარზე მითითებული შემზღუდავი ნორმა არ ვრცელდება.