3303
2016.10.26
ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდის წესი
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
“შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა. გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ:
გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს (მოცემულ შემთხვევაში 2015 წელს) აღემატება 40 000 ლარს; საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება – დასაბეგრი ქონება – და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით. მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული ხელფასი, დივიდენდი და ა.შ.
ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ამასთან, აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტს; შესაბამისად, უწყება ახორციელებს ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელთა მუდმივ მონიტორინგს.
აქვე ავღნიშნავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ განიხილება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ.
ფიზიკური პირის და მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი; მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:• ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (მაგ: თუ ინდ. მეწარმის ერთობლივი შემოსავალია 120 000 ლარი, მასთან დაკავშირებული დეკლარირებული ხარჯი კი 80 000 ლარი, დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 40 000 (120 000 – 80 000 = 40 000) ლარს, რაც ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის მიზნით ჩაირთვება შემოსავალში);• ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;• დარიცხული ხელფასი (ამ შემთხვევაში შემოსავალში შეიტანება დარიცხული ხელფასი და არა ხელზე გაცემული, საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდეგ არსებული ხელფასი);
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი (მცირე მეწარმისთვის დასაბეგრი შემოსავალი წარმოადგენს მის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს, ხარჯის გამოქვითვის გარეშე);დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;
შემოსავლებში არ შეიტანება:
• ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;• ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;• ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;• სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;• მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
დაბეგვრის ობიექტებს განეკუთვნებიან:
• უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები, ასევე, არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრება სამართლიანი საბაზრო ფასით.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ობიექტს არ წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
• 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა;• 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ზუსტ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც პროგრამულად ასახულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დეკლარაციების მოდულში.
დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრ ქონებაზე შეიტანება ქონების ფლობის თვეების პროპორციულად და დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
• საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით, მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთან, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
• საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით, ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტომატურად არიცხავს ქონების გადასახადს. შესაბამისად, ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთან, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდის მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
ფიზიკური პირი მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
• მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;• მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში 1 ჰექტარზე; ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში 1 კვ.მ-ზე გაანგარიშებით ლარში და კონკრეტულ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
ქონების გადასახადისგან (მათ შორის, მიწაზე ქონების გადასახადისგან) გათავისუფლება განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით.
ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარირება შესაძლებელია ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით
www.rs.ge – შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით https://eservices.rs.ge/VideoHelp.aspx”