2822
2012.10.19
პირის ამოცნობის ახალი შესაძლებლობა
საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი საპროცესო კოდექსის თანახმად, არსებობს მოწმის მიერ პირის ამოცნობის გარკვეული სპეციფიკა. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი უნდა გამოიკითხოს ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიცმას შეხება ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ,მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით.
ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა. 8 მაისს გაიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც სწორედ ამ საკითხს განიხილავდნენ. – ამოცნობის ჩატარების წესს ამარტივებს ცვლილება, რომელიც “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შედის. მოქალაქეს აღარ მოუწევს განმეორებით ჩვენების მიცემა, თუ ის დაკითხული იქნება ამოსაცნობი ობიექტის ნიშან–თვისებების თაობაზე. ამოცნობის ჩატარება არ იქნება აუცილებელი, თუ ამომცნობი დაასახელებს ამოსაცნობი ობიექტის პერსონალურ მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება პირის ზუსტი იდენტიფიცირება. – აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად წინ წაწევს და გაამარტივებს საგამოძიებო პროცესს.
((წყარო:http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=606&info_id=35306))