766
2016.11.10
ტურისტულ კომპანიას 4817,46 ლარის გადახდა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოქალაქე კ. პ. -ის მიმართ არ იქნა დაცული ინფორმირების სტანდარტი. სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და ტურისტულ კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ - 4817,46 ლარის გადახდა დააკისრა.
მოსარჩელემ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში შეიძინა სამგზავრო ბილეთი თბილისი-სტამბული-ტორონტო-რიო დე ჟანეიროს მიმართულებით, თუმცა ტრანზიტული ვიზის არქონის გამო, თურქეთის აეროპორტიდან ტორონტოს მიმართულებით ფრენის განხორციელება ვერ შეძლო.
მიუხედავად მოპასუხე მხარის პოზიციისა, რომ ტურისტულ კომპანიას ბილეთის შეძენის დროს ვიზებთან დაკავშირებული მოთხოვნების შემოწმების ვალდებულება არ აქვს და არ ყოფილა შეთავაზებული ტურისტული პაკეტი/ტური, სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ მიეწოდა სათანადო ინფორმაცია ტრანზიტული ვიზის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებებში სადაც ერთ-ერთი მხარე მომხმარებელია, ინფორმაციის მიწოდება მეწარმის უპირობო ვალდებულებაა. ტურისტული მომსახურების სფეროში, კანონმდებელი მაქსიმალურად განსაზღვრავს ტურისტისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის შინაარსს და ამკვიდრებს ასეთი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. წინდახედულობის სტანდარტი - ‘’იცის’’, ან ‘’უნდა სცოდნოდა’’ - ეფუძნება მეწარმის ვალდებულებას მისაწოდებელი ინფორმაციის სისრულეზე და სანდოობაზე. სასამართლომ, ასევე, გაიზიარა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც „მეწარმე პირი ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებლებს იმის მოლოდინის გარეშე, რომ ისინი თვითონ მოიძიებენ ამ ინფორმაციას. მომხმარებელი პასიური უნდა რჩებოდეს ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით“.