928
2016.11.15
პრობაციის სამინისტრო წამების მსხვერპლისათვის გადახდილი კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა. სამინისტრო მსჯავრდებულ თ.რ-ს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, რეგრესის წესით, იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც სახელმწიფომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წამების მსხვერპლ თ.რ.-ს კომპენსაციის სახით გადაუხადა.
2012 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაზარალებულად ცნობილი მსჯავრდებულის თ.რ.-ს მიმართ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. მორიგების თანხამ 20 000 ლარი შეადგინა და შესაბამისად, თ.რ-მ კომპენსაციის სახით 20 000 ლარი მიიღო. თ.რ.-ს შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენით და საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ წლების წინ, პენიტენციურ დაწესებულებაში ის არაერთხელ გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიმართ. განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად, თ.რ.-ს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც სასამართლოს მიერ მას სასჯელის მოხდა გადაუვადდა.
რეგრესის წესით, იმ ყოფილ თანამშრომელთა მიმართ სარჩელით თანხის მოთხოვნა, ვის მიერაც მსჯავრდებულის ცემა-წამება განხორციელდა, ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია. 2012 წლის ოქტომბრამდე პენიტენციურ დაწესებულებაში ცემა-წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმოებაში ამჟამად არაერთი საქმეა. იმ შემთხვევაში, თუ უწყებას კვლავ დაეკისრება კომპენსაციის გადახდა იმ პირების მიმართ, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანხის რეგრესის წესით ანაზღაურების მოთხოვნის პრაქტიკას მომავალშიც გამოიყენებს.
წყარო: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო