მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები 837 2016.11.22
მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები
"პარლამენტს წარვუდგენ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას. მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეცვლის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. დღემდე ის იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს და ამავდროულად, გახლდათ პირველი ვიცე-პრემიერი. მისი აქტიური მონაწილეობით და ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია, ტექნოპარკების შექმნა და ა.შ. ამასთან, ბატონი დიმიტრის წვლილი დიდია პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შემუშავებასა და განხორციელებაში. ბატონი დიმიტრი მომავალ კაბინეტში დაიკავებს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას და შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის პოზიციასაც. შემდეგი ცვლილება ეხება ენერგეტიკის სამინისტროს, სადაც ბრუნდება ბატონი კახი კალაძე. მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ელექტროფიცირდა ისეთი სოფლები, რომლებსაც არასოდეს მიეწოდებოდათ ელექტროენერგია, აშენდა ახალი ჰიდროელექტოსადგურები, თბოელექტროსადგურები და განსაკუთრებით გამოვყოფდი ქარელში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას. ამავდროულად, ბატონი კახი კვლავ დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად და მომავალ ეკონომიკის მინისტრად მსურს, წარმოგიდგინოთ გიორგი გახარიას კანდიდატურა.გიორგი გახარია არის ეკონომისტი, ის გახლავთ პოლიტოლოგიისა და ბიზნესის მართვის მაგისტრი. მას აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კარგი ხედვა და თანამედროვე მიდგომები. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ახალ მინისტრად წარმოგიდგენთ ბატონ ზურაბ ალავიძეს. ის გარკვეული პერიოდი იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა ბატონი დავით ბაქრაძე.მის შემცვლელად, მსურს, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ბატონი ვიქტორ დოლიძე წარმოგიდგინოთ. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში. ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პარლამენტის და მთლიანად ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის საქმეში. რაც შეეხება სხვა თანამდებობებს მინისტრთა კაბინეტში, მოგეხსენებათ, დიასპორის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა და დიასპორის მინისტრის ფუნქციებს უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს. სხვა მხრივ, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი რჩება" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური