ომბუდსმენის განცხადება ქალის გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევებზე1743 2016.11.25
ომბუდსმენის განცხადება ქალის გენიტალიების დასახიჩრების შემთხვევებზე
საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევათა შესწავლა. 2016 წლის 24–25 ოქტომბერსა და 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის მასწავლებლებს, გამგებლის რწმუნებულის თანამშრომლებს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსს და თელავში მდებარე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მორიგე ექიმ–გინეკოლოგს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ დაადასტურა ამგვარი პრაქტიკის არსებობა, რომელსაც „ნათლობას“ უწოდებენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გოგონების წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციით, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში სავარაუდოდ სრულადაა გავრცელებული, ხოლო ორ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მიერ ხორციელდება. სამწუხაროდ, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების შესახებ. ასევე, არ იციან თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და მას ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ. პრობლემის მასშტაბებისა და სიმძიმის შესწავლისთვის საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონულ სამმართველოს უფროსს, რომლის ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ ბოლო დროს შეიტყვეს, თუმცა გადამოწმებისას არ დადასტურდა. სამედიცინო დაწესებულებაში, მორიგე ექიმი არ ფლობდა ინფორმაციას გავრცელებული წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ და ვერ გაიხსენა პაციენტი ქალი დასახიჩრებული გენიტალიებით. თუმცა, აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ გოგონას სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილს ბავშვობის ასაკში მოაჭრიან, წლების შემდეგ ამგვარი მანიპულაციის კვალი, შეიძლება ვიზუალურად შესამჩნევი აღარ იყოს. აღსანიშნავია, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს. ამგვარი პრაქტიკა ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება. მით უფრო, სახლის პირობებში, გენიტალიებზე მანიპულაციის ჩატარებამ, შესაძლოა, მრავალი გართულება გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“ სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა - როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული (მუხლი 38). სამწუხაროდ, ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა. ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია (A/res/69/150) მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ ყველა ზომა ამ მავნე პრაქტიკისა და ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევის მძიმე ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის. ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში განახორციელოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და მიიღოს ყველა ზომა ამ ახლად აღმოჩენილი მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. საკითხის შესწავლის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სახალხო დამცველმა 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიაწოდა. საქართველოს სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირებას, ამასთან გააგრძელებს მუშაობას მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.