876
2016.11.29
სუს-მა ყალბი ატესტატების დამზადების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ., დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "იბერიას" დირექტორი დავით ჩ. და ორი მოქალაქე: ფატიმა ჭ. და ზურაბ გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "იბერიას" დირექტორმა და ერთ-ერთმა მოქალაქემ გასაღების მიზნით დაამზადეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის ყალბი დიპლომები, რომლებიც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ-სა და მის თანამზრახველზე გაასაღეს. თავის მხრივ, აღნიშნულმა პირებმა ყალბი დიპლომებიდან ორი ეგზემპლარის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულების სახით დააკავეს. ყალბი დიპლომები და გადაცემული თანხის ნაწილი 1500 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით იკვეთება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ზემოხსენებული პირების შემადგენლობით ამზადებდა და ასაღებდა ყალბ დიპლომებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს სხვა მოქალაქეებისთვისაც, რომელთა ვინაობები დგინდება.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362- ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.