1070
2016.12.06
ინსტრუქციები სასამართლოში საქმისწარმოებისათვის!
მოქალაქესა და სასამართლოს შორის ურთიერთობა იწყება სასამართლოს მისაღებიდან. სასამართლოს მისაღები გიწევთ კოორდინაციას, გაწვდით ინფორმაციას, იბარებს განცხადება–სარჩელებს და პასუხობს მოქალაქეთა შეკითხვებს.
როგორც წესი სასამართლოს მისაღებში მოქმედებს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა, რომელიც სარჩელს ანიჭებს სპეციალურ კოდს, რისი საშუალებითაც შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საქმის განხილვის ნებისმიერი ეტაპის შესახებ და გაეცნოთ გადაწყვეტილებების ელექტრონულ ვერსიებს. სასამართლოს მიმართეთ მხოლოდ კანონით დადგენილ სამუშაო დღეებში, დადგენილი სამუშაო საათების გათვალისწინებით.
სარჩელი, განცხადება, საჩივარი
სასამართლოში სარჩელი შეიტანება სპეციალური ფორმის მეშვეობით, რომელიც გიადვილებთ მის ჩამოყალიბებასა და შევსებას, რაც ამცირებს ხარვეზის რისკს.
სასამართლო ფორმები შეგიძლიათ გადმოწეროთ სასამართლოების ვებ–გვერდებიდან, ასევე მიიღოთ სასამართლოს მისაღებში.
იმისათვის, რომ თქვენს განცხადება–საჩივარს მოჰყვეს დროული რეაგირება, აუცილებელია მასში მიეთითოს ადრესატი (მაგალითად, მოსამართლე ან სასამართლოს სხვა მოხელე) და თქვენი კოორდინატები, საჭიროა ტელეფონის ნომრის მითითებაც.
სასამართლოსათვის მიმართვის წესი
სარჩელი უნდა ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიას, სადაც ხდება მისი რეგისტრაცია. თუ სარჩელში არსებობს ხარვეზი, სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი სარჩელს რეგისტრაციაში არ გაატარებს, მიგითითებთ ხარვეზზე და გაძლევთ მისი გამოსწორების რეკომენდაციას. ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კვლავ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს.
გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელება, შესაბამისად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იურიდიულ მომსახურებას ეწევა.
თქვენი სარჩელის/განცხადების ჩაბარების შემდეგ კანცელარიის თანამშრომელი გაძლევთ ე.წ "სარეგისტრაციო ბარათს", სადაც მითითებულია ჩამბარებელი პირი, რეგისტრაციის ნომერი და სასამართლოს ტელეფონის ნომერი.
მხარეებს უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერი, გადაიღონ საქმის მასალების ქსეროასლები.
ინფორმაცია საქმის შესახებ
სასამართლოს მისაღებიდან/კანცელარიიდან საქმე გადაეცემა მოსამართლეს, რომელმაც უნდა განიხილოს თქვენი სარჩელი ან განცხადება.
სარჩელის ჩაბარებიდან მეორე დღეს შეგიძლიათ დარეკოთ თქვენს "სარეგისტრაციო ბარათზე" მითითებულ ნომერზე ან სასამართლოს საინფორმაციო ხაზზე და სასამართლოს თაამშრომელი შეგატყობინებთ, თუ რომელ მოსამართლეს დაეწერა თქვენი საქმე. მოსამართლესთან ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში.
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლესთან სხვაგვარი კომუნიკაცია აკრძალულია და ისჯება კანონით.
საქმესთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოსამართლის თანაშემწეს, რომლის კოორდინატებიც მითითებულია სასამართლოს მიერ გამოგზავნილ უწყებაში, გზავნილში, სასამართლოს ვებ–გვერდსა და სასამართლოს მისაღებში, სპეციალურ დაფაზე.