5209
2016.12.07
შეჯიბრებითობა სასამართლოში
სამოქალაქო სამართალწარმოებისას:
სამოქალაქო დავის შედეგი დამოკიდებულია მხარეების მოთხოვნის დასაბუთებულობაზე. სასამართლო არ ერევა მათი პოზიციის ჩამოყალიბებაში, იგი მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს აფასებს.
შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს, რომ ყველა მოდავე პირი სასურველი შედეგის მისაღწევად თანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობს. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, როგორ დაასაბუთონ საკუთარი მოთხოვნა –რომელ ფაქტებზე მიუთითონ, რა მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს, რა სახის შუამდგომლობები აღძრან და რა საშუალებით გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ფაქტობრივ–სამართლებრივი არგუმენტები.
სასამართლოს ეკრძალება თავისი ინიციატივით მტკიცებულების მოპოვება.
სარჩელის აღძვრის ეტაპზე მოსარჩელე თავად განსაზღვრავს, რომელი ფაქტობრივი გარემოებები მიაწოდოს სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად.
მოსარჩელე თავისი შეხედულებისამებრ ურთავს სარჩელს მტკიცებულებებს, მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად ან წარადგენს სასურველ შუამდგომლობას, მაგალითად: შუამდგომლობას მოწმეების დაკითხვის თაობაზე.
სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაგებელი. ამ შემთხვევაშიც მოპასუხე წყვეტს, როგორ გააბათილოს მოსარჩელის არგუმენტები– რა გარემოებებზე მიუთითოს სარჩელში ასახული ფაქტების საწინააღმდეგოდ ან როგორ დაარწმუნოს სასამართლო, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიაროს. მოპასუხე საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, ასევე შესაგებლითვე მიმართავს ამა თუ იმ შუამდგომლობით.
დავის საგნიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ ექსპერტიზის დასკვნა ან მიმართონ სასამართლოს ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობით.
სისხლის სამართალწარმოებისას:
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლო განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
სასამართლოს ერთ–ერთი ძირითადი ვალდებულებაა, მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
სასამართლოს ეკრძალება როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარისათვის სასარგებლო მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოპოვება და თავისი ინიციატივით გამოკვლევა.
ბრალდებულის ბედი დამოკიდებულია მხარეთა კომპეტენტურობასა და მომზადებაზე, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მნიშვნელობასა და საქმესთან შემხებლობაზე.
თანასწორუფლებიანობა და შეჯიბრებითობა დაცულია მხარეების მიერ მტკიცებულებათა მოპოვების პროცესშიც. ორივე მხარეს უფლება აქვს, თავისუფლად მოიპოვოს მტკიცებულებები, ჩაატაროს ექსპერტიზა და მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
დაუშვებელია, სასამართლოს წარედგინოს ის მტკიცებულებები, რომელთა გაცნობის თანაბარი შესაძლებლობა მხარეებს არ ჰქონდათ. კერძოდ, თუ მხარეები ერთმანეთს დაუმალავენ მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, მათ უფლება აღარ აქვთ, ისინი წარუდგინონ სასამართლოს.
როგორც მტკიცებულებათა მოპოვებისას, ასევე მათი სასამართლოში გამოკვლევის დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მაგალითად, დაცვის მხარეს უფლება აქვცს, შეკითხვა დაუსვას ბრალდების მხარის მოწმეს და პირიქით.
გარდა ამისა, ორივე მხარეს ეძლევა საშუალება, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობასა თუ საჩივარზე ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია.
შეჯიბრებითი პროცესის იდეაზეა აგებული საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რა დროსაც მხარეები თავად თანხმდებიან როგორც ბრალზე, ასევე სასჯელზე , სასამართლო ამოწმებს მხოლოდ მის კანონიერებასა და სამართლიანობას.
შეჯიბრებითობის პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც სწორედ მხარეთა მომზადებაზე, პროფესიონალზმზსა და კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაფიცი მსაჯულები, როგორ დაარწმუნებენ მათ პირის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაში.