საქართველოს სივრცითი მონაცემები კომპანია ტომტომის სანავიგაციო სისტემებში განთავსდება918 2016.12.07
საქართველოს სივრცითი მონაცემები კომპანია ტომტომის სანავიგაციო სისტემებში განთავსდება
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სანავიგაციო სისტემების მსოფლიო ლიდერ კომპანია ტომტომს შორის თანამშრომლების ხელშეკრულებას ხელი 1 დეკემბერს მოეწერა. სივრცითი მონაცემების ინტეგრაციას მსოფლიოს სანავიგაციო სისტემებში, ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტიც ითვალისწინებს. საჯარო რეესტრში წარმოებულ გეოგრაფიულ მონაცემებს ტომტომი ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციაში, ავტომობილების ბორტკომპიუტერების სანავიგაციო სისტემებსა და სხვა პროდუქტებში გამოიყენებს. მონაცემთა ინტერგრაცია ნებისმიერ მომხმარებელს გაუმარტივებს ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას, დროისა და მანძილის განსაზღვრას. საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სიტემებთან ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით თანამშრომლობას გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც გეგმავს. ინფორმაციისთვის: ტომტომი სანავიგაციო სისტემებისა და ელექტრონული რუკების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის წარმოებული სანავიგაციო რუკები ფარავს მსოფლიოს 135 ქვეყანას და 4 მილიარდზე მეტ მოსახლეს. მის მიერ ხორციელდება 52 ქვეყნის საგზაო მოძრაობის ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება რეალურ დროში. ტომტომის პროდუქტები მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები, განაშენიანების არეალები, დაცული ტერიტორიები, ტურისტული ღირშესანიშნაობები, სატრანსპორტო ქსელი და მოძრაობის ინტენსივობა და სხვა.