„ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა847 2016.12.15
„ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ააიპ „ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ თანხების გაფლანგვის ფაქტზე, ბრალდებულ ამჟამად ძებნაში მყოფ სერგო ქ.-ს მიმართ. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ, საბოლოოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის ვადით. საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია, 2010 წლის აპრილისა და მაისის თვეებში არამიზნობრივად, ფონდის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჯამში 5129,45 ლარის გახარჯვის ფაქტი. კერძოდ ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარის სერგო ქ.-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ღამის „კლუბ დივაში“ გართობისათვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.