თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს კიდევ 15 ახალი ავტობუსი შეემატა.1123 2016.12.19
თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს კიდევ 15 ახალი ავტობუსი შეემატა.
სულ მალე თბილისში „Man“-ის ფირმის ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული კიდევ 15 ახალი ავტობუსი ივლის. 15-ვე ავტობუსი N51 ხაზზე დაინიშნება და გრძელ დისტანციაზე - გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს. ავტობუსები ხაზზე 1 იანვარს გავა და მგზავრებს სტანდარტულ ფასად - 50 თეთრად მოემსახურება. ამავდროულად, დაწესებული შეღავათებიც შენარჩუნდება. “ჩამოვიდა ახალი ავტობუსების მორიგი ნაკადი, რომელიც პირველი იანვრიდან ივლის N 51-ე მარშრუტზე. მანამდე დამონტაჟდება გადახდის სისტემა, ტაბლო და ავტობუსები სრულად იქნება აღჭურვილი იმისათვის, რომ კომფორტულად მოემსახუროს ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის შემდგომი ნაკადი, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ გაითვალისწინა რა ჩვენი თხოვნა, დააჩქარა მოწოდების პროცესი. ასე რომ, ჩვენ მათთან შეთანხმებულ გრაფიკს ვუსწრებთ. მომდევნო ავტობუსებიც შედარებით უფრო ადრე იქნება მიღებული. კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს ჩვენს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას და დაჩქარებით გვაწვდის ავტობუსებს, რათა უფრო ადრე მოვემსახუროთ კომფორტულად ჩვენს თანამოქალაქეებს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. პირველი რეისის შესრულებამდე ახალ ავტობუსებს განაბაჟებენ და ტექნიკურად მოამზადებენ. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ კონკურსის წესით შერჩეული მძღოლები გადამზადდებიან. გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-მა ახალი ავტობუსების მოწოდების მეორე ეტაპი წინსწრებით განახორციელა: ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, თბილისმა პირველი 10 ავტობუსი სექტემბერში მიიღო, რომლებიც N61 მარშრუტზე 6 ოქტომბერს გავიდნენ. მეორე ეტაპზე „Man“-ს თბილისისთვის 13 ავტობუსი იანვარში უნდა ჩაებარებინა, ხოლო თებერვალ-მარტში კიდევ 60-60 უნდა გადმოეცა, თუმცა, მომწოდებელმა ქართული მხარის თხოვნა გაითვალისწინა და ავტობუსების ნაწილის ვადაზე ადრე მოწოდება შეძლო. უკვე გარკვეულია, რომ მალე თბილისი წინსწრებით კიდევ 10 ავტობუსს მიიღებს და იანვრის ბოლოდან ისინი N 37 ხაზზე - სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ. 12-მეტრიანი, ახალი ავტობუსები შშმ პირებისა და ჩვილ ბავშთა ეტლებისთვის სრულად არის ადაპტირებული და საამისოდ, სპეციალური პანდუსებით არის აღჭურვილი, ხოლო სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი. „Man“-ის ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ავტობუსები აღჭურვილია USB როზეტით, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დატენონ ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები. თბილისს აპრილში სულ 143 „Man“-ის ახალი ავტობუსი ეყოლება. მერიის გადაწყვეტილებით, ლურჯი ავტობუსები დიდ, ყვითელ „ბოგდანის“ ფირმის ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. გამოთავისუფლებული დიდი „ბოგდანები“ კი, ტექნიკური შემოწმებისა და რემონტის შემდეგ იმ მარშრუტებზე დაემატებიან, სადაც ავტობუსების განსაკუთრებით მწვავე ნაკლებობაა. გადაწყვეტილია, რომ N 61 მარშრუტის ყვითელი ავტობუსები N 11 ხაზზე მოძრაობენ. ამჟამად, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური N51 მარშრუტზე არსებული ყვითელი ავტობუსების გადანაწილების ვარიანტებს განიხილავს. წყარო:თბილისის მერია