უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა1015 2016.12.26
უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა
უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, ნოემბრის ჩათვლით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით 19.4%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 586 894 ერთეული შეადგინა. 2016 წელი (ნოემბრის ჩათვლით) 2012-2015 წლებთან შედარებით (11 თვის მონაცემები) ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წელთან (457 144 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 28.4%-ით, 2013 წელთან (437 336 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 34.2%-ით, 2014 წელთან (468 992 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 25.1%-ით, 2015 წელთან (491 412 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 19.4%-ით. წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 45.9%-ით, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.3%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2016 წელს (ნოემბრის ჩათვლით) განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.0%-ს მეორადი, ხოლო 23.0%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის იმავე პერიოდში კი, შესაბამისად, 81.2% და 18.8%). ბიზნესის რეესტრი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, ნოემბრის ჩათვლით, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 43 938 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 42 205 სამეწარმეო სუბიექტი, 1 733 კი არასამეწარმეო სუბიექტია. შესაბამისად, ბიზნეს სუბიექტების 96.1% სამეწარმეო სუბიექტს წარმოადგენს (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.9% - არასამეწარმეო სუბიექტს (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). 2016 წელს (ნოემბრის ჩათვლით) დაფიქსირდა ზრდა (5.6%-ით) წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით. სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 35.9%-ით გაიზარდა. 2016 წელს (ნოემბრის ჩათვლით) ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (21 994 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 50.1%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (19 403 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 94.2% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე წელს (ნოემბრის ჩათვლით) ქვეყანაში დარეგისტრირდა: 1 716 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 539 კოოპერატივი, 197 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 70 სააქციო საზოგადოება, 14 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 3 საჯარო სამართლის იურიდიული პირი და 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.