1112
2016.12.31
საკონსტიტუციო სასამართლოს საინტერესო გადაწყვეტილება
2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N623) და კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (კანონის წინაშე თანასწორობის უფლება) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის რიგი ნორმები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო ბაჟის განსხვავებულ ოდენობას განსაზღვრავდნენ. კერძოდ, კანონმდებელი იურიდიულ პირებთან მიმართებით აწესებდა სახელმწიფო ბაჟის უფრო მაღალ ოდენობას.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ იურიდიული პირებისთვის განსხვავებული ოდენობის სახელმწიფო ბაჟის დადგენა ახდენდა მათ დისკრიმინაციას.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივ სტატუსში სხვაობის მიუხედავად, ფიზიკური პირიც და იურიდიული პირიც საერთო სასამართლოებს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავენ და მათთვის კონსტიტუციით თანაბრად დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას ახდენენ. შესაბამისად, სასამართლომ ისინი არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია, ხოლო სადავო ნორმებით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა კანონის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვად.
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად სამოქალაქო დავებზე სასამართლოს განხილვისას სახელმწიფო ბაჟის დაწესება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება (სასამართლოს დაცვა დაუსაბუთებელი სარჩელებისგან გადატვირთვისგან). სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი სარჩელების საფრთხე თანაბრად შეიძლება მომდინარეობდეს ფიზიკური დაიურიდიული პირების მხრიდანდა ხსენებული რისკების პრევენციისთვის სახელმწიფო თანაბარი ინტენსივობის შეზღუდვებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია დიფერენცირებული მიდგომის საჭიროების ან/და რაციონალურობის შესახებ და სადავო ნორმები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია.