892
2017.07.13
ლარით ფასის მითითების დარღვევის გამო 13 დღის განმავლობაში 129 მეწარმეს გაფრთხილება მიეცა
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, იმ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, რომლის თანახმადაც მეწარმე სუბიექტისთვის მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულოა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა პირველი ივლისიდან დღემდე 129 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, შესაბამისი მეწარმე სუბიექტების მიმართ პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილების სახით. მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევები ძირითადად გამოვლენილია სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან და ტურ ოპერატორებში საქმიანობის იმ ნაწილში, რომელზეც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის N93/04 ბრძანებით დადგენილი გამონაკლისები არ ვრცელდება. 2017 წლის 1-ელი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარით განისაზღვრა. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს ეხებათ.
წყარო: ipn.ge