946
2017.07.14
ანაკლიის პორტის მიმდებარედ მცხოვრებ 4 ოჯახს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ოჯახის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.საუბარია, დაახლოებით 15 238 კვადრატული მეტრის ფართზე.როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირმა ქავთარაძის 10 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული, მესაკუთრეებმა უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს. რისი მიზეზიც ქონების გამოსასყიდ ღირებულებაზე შეუთანხმებლობა იყო.ბრძანების მიხედვით, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა.
მესაკუთრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდნენ.აღსანიშნავია, რომ ეს ექსპროპრიაციის 1-ლი შემთხვევა არ არის. წინა თვეში სამინისტრომ კიდევ 9 ოჯახის უძრავი ქონების, დაახლოებით, 14,700 კვადრატული მეტრის ფართის ჩამორთმევის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება - ინვესტორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გადასცეს 340 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმა კი მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის განკარგულებით დამტკიცდა. გეგმის შესაბამისად, პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების შესყიდვას ,,ქონების ეროვნული სააგენტო“, ხოლო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურებს სააგენტოს კონტრაქტორი შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“ ახორციელებს.
წყარო : bpn.ge