არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი განაცხადის ფორმა, რეგისტრაციის მოწმობის ფორმა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი, რეესტრის ფორმულარი, რეესტრიდან ამონაწერის ფორმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეესტრს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როდესაც სარეგისტრაციო განაცხადი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო განაცხადის საფუძველზე, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით.
სარეგისტრაციო განაცხადი წარედგინება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) მარეგისტრირებელ ორგანოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისათვის „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება სარეგისტრაციო მოსაკრებელი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა უფლებამოსილმა ორგანომ გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში. თუ ამ ვადაში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ფილიალი (წარმომადგენლობა) რეგისტრირებულად ჩაითვლება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ფილიალს (წარმომადგენლობას) მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.