ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა
ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა

  ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას.

ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით

1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.

2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.

3. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით.

 განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება

თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით არის დადებული, მაშინ დამქირავებელს შეუძლია არა უგვიანეს ორი თვისა ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით, თუკი გამქირავებელი ამის თანხმობას განაცხადებს.

ხელშეკრულების მოშლის ვადა

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა პატივსადები მიზეზების არსებობისას

1. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.

2. პატივსადებია მიზეზი, თუ:

ა) დამქირავებელმა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები ბრალეულად მნიშვნელოვნად დაარღვია;

ბ) გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის;

გ) დამქირავებელი უარს ამბობს გადაიხადოს გამქირავებლის მიერ შემოთავაზებული გაზრდილი ქირა, რომელიც შეესაბამება ბაზარზე არსებულ ბინის ქირას;

დ ) დამქირავებელმა გამქირავებლის მიმართ ჩაიდინა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური მოქმედება, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ შორის ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას.

3. თუ ქირავნობის საგანს შეადგენს ავეჯით გაწყობილი ბინა, მაშინ გამქირავებელს ყოველთვის შეუძლია ხელშეკრულების მოშლის ვადის დაცვით მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა

საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა წერილობით უნდა გაფორმდეს.

 დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას

ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

 

სერვისები