სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა

ცნება -  სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე.

 სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი.

ხელშეკრულების ფორმა  - სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. თუ ეს ფორმა არ არის დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.  

 საიჯარო ქონების ნუსხა-  მხარეებმა საიჯარო ურთიერთობის დაწყებისას ერთობლივად უნდა შეადგინონ საიჯარო ქონების ნუსხა, რომელშიც აღინიშნება მისი ოდენობა და მდგომარეობა იჯარით გადაცემის მომენტისათვის. იგივე წესი გამოიყენება საიჯარო ურთიერთობის დამთავრებისას. ნუსხას ხელს უნდა აწერდეს ორივე მხარე და მითითებულ უნდა იქნეს მისი შედგენის თარიღი.

საიჯარო ქონების მდგომარეობა. მისი რემონტი მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის მანძილზე. მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს ქონების მიმდინარე რემონტი, შეაკეთოს საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, გზები, თხრილები, მილები, ღობეები. იგი ვალდებულია იჯარით აღებული ქონება გამოიყენოს სამეურნეო დანიშნულებით.

გირავნობის უფლება ნაყოფზე მეიჯარეს საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აქვს გირავნობის უფლება მოიჯარის მიერ შემატებულ ნივთებსა და საიჯარო ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე (ნაყოფზე).

საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა თუ საიჯარო მიწაზე სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად მოიჯარეს მოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურდა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის შესაბამისი პროპორციით შემცირება. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება მოიჯარეს აქვს მხოლოდ ზარალის ოდენობისა და მიზეზების შესახებ მოსავლის აღებამდე გაფორმებული აქტის საფუძველზე.  

სერვისები