გადაზიდვა-გადატანა, ხელშეკრულების ფორმა
გადაზიდვა-გადატანა, ხელშეკრულების ფორმა

მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა და ამით ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ.

ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა
1. თუ ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიღების წინ შეუძლებელია ხელშეკრულების შესრულება ზედნადებში აღნიშნული პირობებით, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს 680-ე მუხლის მიხედვით უფლებამოსილი პირის განკარგულება ტვირთის შესახებ.
2. თუ გარემოებები იძლევიან ზედნადებში მითითებული პირობებისაგან განსხვავებულად გადაზიდვის შესაძლებლობას და გადამზიდველს არ შეეძლო უფლებამოსილი პირის ტვირთის შესახებ 680-ე მუხლით გათვალისწინებულ მითითებათა მიღება სათანადო ვადის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც, უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესოდ იქნება მიჩნეული.

 

ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები
1. თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს გამგზავნის მითითებები. თუ მიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე, გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარმოდგენის გარეშეც.

2. მიმღებს შეუძლია ტვირთის გადაცემა მოითხოვოს მაშინაც კი, როცა მან ტვირთის მიღებაზე უარი თქვა, ვიდრე გადამზიდველს გამგზავნისაგან არ მიუღია საწინააღმდეგო მითითებები.

3. თუ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება მას შემდეგ, რაც მიმღებმა 680-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გასცა მითითება მესამე პირისათვის ტვირთის გადაცემის შესახებ, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებისას მიმღები იკავებს გამგზავნის ადგილს, მესამე პირი კი – მიმღების ადგილს.

გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება

1. გადამზიდველს აქვს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლებიც მას წარმოეშობა მითითებების მიღების ან მათი შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხარჯები მისი ბრალით წარმოიშვა.

2. 682-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 683-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდველს შეუძლია ტვირთი სასწრაფოდ გადმოტვირთოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე; გადმოტვირთვის შემდეგ გადაზიდვა დასრულებულად ითვლება. ამის შემდეგ გადამზიდველმა ტვირთი უნდა შეინახოს უფლებამოსილი პირისათვის. მას შეუძლია ტვირთის შენახვა მიანდოს მესამე პირს; ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მესამე პირის შერჩევისათვის. ზედნადებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა და ხარჯი ანაზღაურდება ტვირთის ღირებულებიდან.

3. უფლებამოსილი პირის მითითების დალოდების გარეშე გადამზიდველს შეუძლია გაყიდოს ტვირთი, თუ საქონელი მალფუჭებადია, ან თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს მითითებებს არც ერთი მხარისაგან.

4. თუ ტვირთი გაიყიდა ამ მუხლის წესების მიხედვით, მაშინ თანხა ტვირთთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირს. თუ ეს ხარჯები შემოსავალზე მეტია, გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება.
5. გაყიდვის წესი განისაზღვრება იმ ადგილის კანონებითა და ჩვეულებებით, სადაც იმყოფება ტვირთი.

გირავნობის უფლება ტვირთზე გადამზიდველს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს ნივთი.

 

სერვისები