პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმდევარი გადაზიდვების შემთხვევაში
თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის; მეორე და ყოველი მომდევნო გადამზიდველი ტვირთისა და ზედნადების მიღების გზით ხდება ხელშეკრულების მხარე.
სათანადო საბუთების გადაცემის ვალდებულება
1. გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.
2. ერთმანეთის მიმდევარ გადამზიდველებს შორის ურთიერთობები წესრიგდება 677-ე მუხლით.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველებისაგან ტვირთის დაკარგვის, დაზიანების ან გადაზიდვის ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები, შეგებებული სარჩელის ან შეცილების წარდგენის გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პირველი, ბოლო ან იმ გადამზიდველის მიმართ, რომლის მიერ გადაზიდვისას დაიკარგა, დაზიანდა ტვირთი ან გადაცილებულ იქნა ტვირთის ჩაბარების ვადა; ერთი და იგივე სარჩელი შეიძლება წარედგინოს რამდენიმე გადამზიდველს.
რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას თუ ამ თავის მიხედვით გადამზიდველმა უკვე აანაზღაურა ზიანი, მას აქვს უკუმოთხოვნის უფლება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდველმა მარტომ უნდა აანაზღაუროს მის მიერ ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი; ბ) თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ, თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის შესაბამისი თანხა; თუკი ამის დადგენა შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს აგებს მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად; გ) როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდველს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით უნდა გადაიხადოს ყველა გადამზიდველმა.
გადამზიდველის გადახდისუუნარობის შედეგები თუ ერთ-ერთი გადამზიდველი გადახდისუუნაროა, მის მიერ გადასახდელი, მაგრამ ჯერ კიდევ გადაუხდელი თანხა ნაწილდება დანარჩენ გადამზიდველებს შორის მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად.
შედავება განხორციელებული რეგრესის უფლების გამო გადამზიდველმა, რომლის მიმართაც 704-ე და 705-ე მუხლების თანახმად განხორციელდა უკუმოთხოვნა, არ შეიძლება საცილო გახადოს, რომ უკუმოთხოვნის განმახორციელებელმა გადამზიდველმა უსაფუძვლოდ გადაიხადა თანხა, თუკი გადაწყვეტილება გადახდის შესახებ მიღებულია სასამართლოს მიერ და თუ ეს გადამზიდველი ამ სასამართლო პროცესის შესახებ სათანადოდ იქნა გაფრთხილებული და შეეძლო კიდეც მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში.
ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების ურთიერთშეთანხმება გადამზიდველებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ 704-ე და 705-ე მუხლებისაგან განსხვავებულ საკითხებზე.
კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ბათილობა
1. 707-ე მუხლში მოცემული წესების გარდა ყოველი შეთანხმება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ შეესაბამება ამ თავის წესებს, ბათილია. ასეთი შეთანხმებების ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების სხვა დებულებათა ბათილობას.
2. ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი.