საბანკო მომსახურება, ანგარიშსწორება
საბანკო მომსახურება, ანგარიშსწორება

  ცნება

1. ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში.

2. შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე იგივე ოპერაციები განხორციელდეს ნაღდი ფულით. 3. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს მომსახურების ხარჯების გადახდა.

 

ანგარიშის ამონაწერების მიცემის ვალდებულება

1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებათა შესახებ აწარმოოს საბუღალტრო წიგნი.

2. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიაწოდოს ანგარიშის მფლობელს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ანგარიშის ამონაწერები); ხოლო ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და კრედიტ-დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახებ.

 

ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა

საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

 

ანგარიშის მფლობელის დავალების გაუქმების შედეგები

1. ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს საკრედიტო დაწესებულებისათვის მიცემული დავალება, ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა შესრულებაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო პირებს.

2. დავალების დროულად გაუქმების შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა კვლავ აღადგინოს თანხა მფლობელის ანგარიშზე.

 

საიდუმლოების დაცვის ვალდებულება

1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ანგარიშთან დაკავშირებული და სხვა ისეთი ფაქტების საიდუმლოება, რომლებიც ცნობილი გახდა მისთვის ანგარიშის მფლობელთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც კანონითაა გათვალისწინებული, ან, თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას, რომლითაც არ ილახება ანგარიშის მფლობელის ინტერესები.

2. საკრედიტო დაწესებულების ეს მოვალეობა ძალაშია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.

სერვისები