ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებანი; საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულება
ცნება
1. თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.
2. გაცემულ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოკიდებული გახდეს სპეციალური ფორმის დაცვაზე, რომლის შესახებაც მიეთითება დოკუმენტში. ხელმოწერა შეიძლება შესრულდეს ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.
ემიტენტის შესაგებლები დოკუმენტის გამომშვებს (ემიტენტს) შეუძლია ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებლები, რომლებიც ეხება გაფორმების ნამდვილობას, თვით დოკუმენტს, ან ემიტენტს აქვს უშუალოდ მფლობელის მიმართ.
უფლებათა გადასვლის წესი
1. დოკუმენტში მოცემული უფლება გადადის მოძრავი ნივთის გადაცემისათვის დადგენილი წესების მიხედვით. იგი შეიძლება გადაიცეს ასევე მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით.
2. მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლება პირი, რომელიც შეიძენს რაიმე გზით დაკარგულ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დოკუმენტის შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
ემიტენტის უფლებები
1. ემიტენტს შეუძლია შეედავოს ნებისმიერ მფლობელს, რომ ფასიანი ქაღალდი მას არ გაუცია. გარდა ამისა, მას შეუძლია წაუყენოს მფლობელს ნებისმიერი შესაგებელი, რომელიც დოკუმენტიდან გამომდინარეობს.
2. თუ ემიტენტი დოკუმენტის ხელმოსაწერად იყენებს ტექნიკურ საშუალებას, მას არ შეუძლია მფლობელთან თავი იმართლოს იმით, რომ არ ჰქონდა ამ საშუალების გამოყენების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა გაყალბების შესახებ, ან მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
3. თუ დოკუმენტი მფლობელს საკუთრებაში გადაეცა, ემიტენტს არ შეუძლია, დაუპირისპიროს მას შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს ადრინდელ მფლობელთან მისი უშუალო ურთიერთობებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემდგომი მფლობელი დოკუმენტის შეძენისას შეგნებულად მოქმედებდა ემიტენტის საზიანოდ.
4. თუ შესაგებელი არ გამომდინარეობს უშუალო ურთიერთობებიდან, იგი შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ მფლობელს, რომელმაც დოკუმენტზე საკუთრება მოიპოვა გასხვისების გზით და მისი შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
ემიტენტის მოვალეობა
1. ემიტენტი მოვალეა შეასრულოს თავისი ვალდებულება მხოლოდ მაშინ, თუ მას გადასცემენ ფასიან ქაღალდს.
2. მოვალე, რომელიც ასრულებს ვალდებულებებს დოკუმენტის მფლობელის წინაშე, თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ ის არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, და შესაძლებლობა აქვს დაამტკიცოს მფლობელის არაკეთილსინდისიერება.
3. მოვალე, რომელიც განთავისუფლდება თავისი ვალდებულებებისაგან დოკუმენტის მფლობელის წინაშე, იძენს საკუთრებას მისთვის ჩაბარებულ დოკუმენტზე.
საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის გადაფორმება საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის გადაფორმება განსაზღვრული პირის სახელზე შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ემიტენტმა. ამასთან, ემიტენტი არ არის ვალდებული გადააფორმოს საწარმდგენლო (წარმომდგენზე) ფასიანი ქაღალდი.
მიმოქცევისათვის უვარგისი ფასიანი ქაღალდის გამოცვლა თუ საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი დაზიანების გამო აღარ არის ვარგისი მიმოქცევისათვის, მაშინ მფლობელს შეუძლია, თუ დოკუმენტის შინაარსისა და არსებითი განმასხვავებელი ნიშნების ამოცნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოითხოვოს ახალი საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი დაზიანებული დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ. ამასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გასწიოს მფლობელმა და თანხა გადაიხადოს წინასწარ.