ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტა
ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტა

  უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე

1. თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.

2. თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.

3. ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.

4. ბათილია შეთანხმება, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ხელშეკრულებიდან მონაწილის გასვლის უფლებას.

 

ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები

1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა; ბ) მონაწილეთა გადაწყვეტილება; გ) ერთობლივი საქმიანობის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა; დ) ერთობლივი საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა.

2. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე: ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალება; ბ) ერთ-ერთი მონაწილის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა; გ) ხელშეკრულების მოშლა.

ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი

1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად.

2. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.

სერვისები