საოჯახო სამართალი, ქორწინების ბათილობა
საოჯახო სამართალი, ქორწინების ბათილობა

 ქორწინების ბათილობის საფუძველი

1. ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება).

2. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ.

 

ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია თუ მეუღლეებმა დაქორწინებისას არ იცოდნენ ქორწინების დამაბრკოლებელი იმ გარემოების შესახებ, რომელიც მათი ქორწინების ბათილობის საფუძველია, ქორწინება წყდება სასამართლოში ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ამ დრომდე ქორწინება წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება.

საქორწინო ასაკს მიუღწეველ პირთან ქორწინების ბათილობა

1. იმ პირთან ქორწინება, რომელსაც საქორწინო ასაკისათვის არ მიუღწევია და არც საქორწინო ასაკი ჰქონია შემცირებული, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ ამას მოითხოვს იმ მეუღლის ინტერესები, რომელიც დაქორწინდა საქორწინო ასაკის მიღწევამდე.

2. ამ საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს არასრულწლოვან მეუღლეს, მის მშობლებს ან მეურვეს (მზრუნველს), აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

3. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა, მაშინ ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად მხოლოდ მისი მოთხოვნით.

 

ქორწინების ცნობა ბათილად დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების გამო

1. ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.

2. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.

3. მხარდაჭერის მიმღებთან ქორწინების ბათილობის შესახებ საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში იმ მხარდამჭერის ჩაბმა, რომელიც მისი მეუღლე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმა.

იძულებითი ქორწინების ბათილად ცნობა

1. იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს (მეუღლეებს) შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.

2. იძულებით დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლომ.

ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობა

1. ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.

2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.

3. ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქციურად, თუ რეგისტრირებულ პირებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი.

ქორწინების ბათილობის მომენტი

1. ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

2. იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.

4. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს.

 

კეთილსინდისიერი მეუღლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

კეთილსინდისიერ მეუღლეს, რომელსაც ქონებრივი ზიანი მიადგა იმ ქორწინების შედეგად, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი, უფლება აქვს მოითხოვოს ამ ზიანის ანაზღაურება.

 

ქორწინების ბათილად ცნობა მხოლოდ სასამართლოს მიერ არავის არ შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი.

 

ქორწინების ბათილობის დაუშვებლობა მეუღლეთა გარდაცვალების შემდეგ არ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ქორწინების გაბათილება ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.

ხელახალი დაქორწინება ბათილი ქორწინებისას ის პირები, რომელთა ქორწინებაც გაბათილდა, შეიძლება ხელახლა დაქორწინდნენ საერთო წესით, თუკი აღარ იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც ქორწინება გაბათილდა.

სერვისები