მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი
შვილების რჩენის მოვალეობა მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა მშობლების მიერ
არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ
თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობა
მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული შვილების შენახვის ხარჯები
მშობლებს შეიძლება დაევალოთ, გაწიონ თავიანთ მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული შვილის რჩენის ხარჯები ამ კოდექსის ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
სასამართლოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ თუ მოპასუხე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ბავშვის მშობლად არის ჩაწერილი ამ კოდექსის 1191-ე და 1192-ე მუხლების მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის არსებითად განხილვამდე გამოიტანოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ.